ე.წ. კაბელების საქმე

პროკურორი: სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა დაინტერესებული პირების განწყობებით

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დაკავებულები 2 თვეში გათავისუფლდებიან.

პროკურორ ნინო აღლემაშვილის თქმით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. უმაღლეს ინსტანციაში აპირებს გასაჩივრებას დაცვის მხარეც.

"ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით და მტკიცებულებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური მოსაზრებებითა და განწყობებით. ჩვენ ვრჩებით სამართლებრივი დავის ფარგლებში და ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო კანონის დამცველი იქნება. როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულებს ედავებოდა სახელმწიფოს თანხის გაფლანგვაში, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო სწორი, ლოგიკური და მარტივი მიმართულება. თუკი იცი, რომ გარკვეული ნივთის შეძენა შესაძლებელია 2 მილიონ ლარად, არ უნდა გადაიხადო 6 მილიონი. შესაბამისად, ფაქტია, რომ 4 მილიონი არის გაფლანგული. ეს არის ზიანი, რომელიც ნამდვილად სახეზეა და ვფიქრობთ, სასამართლოს მხრიდან ამ ფაქტის უგულებელყოფა არ იყო სწორი. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და ჩაიდინეს დანაშაული", - ამბობს პროკურორი.

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

კომენტარები