საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე საპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას ითხოვს

facebook.com/PartnershipFund

საპარტნიორო ფონდი საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია, მისი აქტივების ღირებულება ჯამში ხუთ მილიარდ ლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდი ფინანსურად დამოუკიდებელია და ის რკინიგზიდან და ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიღებულ მოგებას საინვესტიციო პროექტებში დებს, ახლა კი ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ფონდის სტრუქტურის ცვლილებას და მის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას ითხოვს. საგანელიძის აზრით, კომპანიის მართვაში არსებული მსხვილი საწარმოები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა შევიდნენ, თავად ფონდი კი საქართველოს განვითარების კორპორაციად გადაკეთდეს.

"დღესაც მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეორგანიზაცია ჩვენ ფონდს სჭირდება. ეს არამხოლოდ სტრუქტურული, არამედ შინაარსობრივი ცვლილებები უნდა იყოს, რათა ის დაემსგავსოს განვითარების იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში გვხდება. თუმცაღა ამას სჭირდება სერიოზული საკანონდმებლო ცვლილებები. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის KFW-სა და ფრანქფურტის ბიზნეს სკოლას, რომლებმაც შეიმუშავეს ეს ცვლილებები. 

შინაარსობრივად შეიცვლება ის რომ, ფონდი იქნება არა იმ ფინანსებზე დამოკიდებული როგორიც დღესაა, მოგეხსენებათ დღეს ფონდში შედის რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, დენის ტრანსმისია და ასე შემდეგ, ამ კომპანიების დივიდენდებია საპარტნიორო ფონდის შემოსავალი. ცვლილებების შემდეგ, ეს სტრუქტურები ალბათ იქნება პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და ფონდს ექნება პირდაპირი დაფინანსება ბიუჯეტიდან და სხვა შემოსავლები, შესაბამისად მისი სტრუქტურაც იქნება სხვანაირი." -ამბობს საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, ამ კომპანიების ისევე საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანა კი სავარაუდოდ საპარტნიორო ფონდის აქტივების წამგებიანად მართვის რისკებს ზრდის. 

ფონდის აქტივები ასე გამოიყურება:

  • საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
  • სს თელასი - 24.5% წილი

ფონდის საინვესტიციო საქმიანობა კი ასე გამოიყურება:

  • რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი - ივნესტიცია 15 მილიონი ლარი
  • ლურჯი მოცვის პლანტაცია Vanrik Agro - ინვესტიცია $6.7 მილიონი
  • სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქარხანა Panex - ინვესტიცია $6 მილიონი
  • გარდაბნის თბოელექტროსადგური - ინვესტიცია $220 მილიონი
  • სასტუმრო "რიქსოს ბორჯომი" - ინვესტიცია $48 მილიონი 
  • 150 ნომრიანი სასტუმრო საირმე - ინვესტიცია $10 მილიონი
  • სასტუმრო "ჯინო ველნეს სპა" - ინვესტიცია $5 მილიონი
  • მეცხოველეობის ფერმა "კალანდა - ინვესტიცია $5 მილიონი

ფონდი ამჟამად ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის $1 მილიარდიანი პროექტეის განხორციელებაშია ჩართული. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საპარტნიორო ფონდს BB- მიანიჭა, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

კომენტარები