ქართული ოცნება

კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას პროვოკაციებით ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს

კახა კალაძე
იმედი

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს, ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე უხელმძღვანელებს. პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ის შტაბის უფროსად დღეს წარადგინა. კალაძის თქმით, კოალიცია ქართული ოცნება არავის მისცემს "პროვოკაციული და დესტრუქციული" ქმედებებით არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს.

"დღეიდან, ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იწყებს აქტიურ მზადებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი პარტია. ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა.

ჩვენ უკვე დავასრულეთ პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ფორმირება. უახლოეს დღეებში დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნებისა და ქართველი ამომრჩევლის გამარჯვებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

დღეიდან წინაასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შედის გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უწყებაში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი. ცესკოში აცხადებენ, რომ არჩევნების ჩასატარებლად მზად არიან.

კომენტარები