საყოველთაო ჯანდაცვა

Welfare Foundation: ჯანდაცვის პროგრამა არახარჯთეფექტურია

ტაბულა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაბალი ხარჯთეფექტურობით გამოირჩევა, ფაქტიურად არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ პროგრამის ეფექტურობის გასაზრდელად - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას. 
ორგანიზაციის დაკვირვებით, არაეფექტურობის უპირველესი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროში კვალიფიციური ანალიტიკური სამსახურის არარსებობაა, რომელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეტალურ ანალიზს გააკეთებს. 
"მართალია, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში პროგრამული დანახარჯები 2015 წელს 1,8%-ს შეადგენდა, მაგრამ არსებული, ყოველწლიური 0,8%-იანი ზრდის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ეს ციფრი საგანგაშოდ გაიზრდება.", - წერია ორგანიზაციის კვლევაში. 
Welfare Foundation-ის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაკლებ აქცენტს აკეთებს პირველად ჯანდაცვასა და დაბალხარჯიან ამბულატორიულ მომსახურებაზე, რაც თვით პროგრამის ძირითად მიზნებს ეწინააღმდეგება. 
"ინვესტიცია, ძირითადად ყველაზე ხარჯიან სერვისებში ხორციელდება მაშინ, როდესაც პრევენციული ღონისძიებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხები პრაქტიკულად იგნორირებულია. ყველაფერი ეს, მომავალში, გამოიწვევს გადაუდებელ სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას (უკვე არსებული მდგომარეობა ამ აზრს თვალნათლივ ადასტურებს), რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თავად პროგრამის განხორციელებას.", - წერია კვლევაში. 
კვლევის მიხედვით, აუცილებელია სახელმწიფომ მეტი ფული იმ ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე დახარჯოს, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულები არიან - ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს, შესაბამისად ექიმთან კონსულტაციასა და დიაგნოსტიკაში ჩადებული თანხები არაეფექტურია. 
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სახელმწიფომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წამოიწყო - ამ პროგრამის ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს წინასწარ დაგეგმილი 469 მილიონის ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტრომ 570 მილიონი დახარჯა.

კომენტარები