საყოველთაო ჯანდაცვა

კლინიკების ხელმძღვანელები: ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანების გამო ვერ ვარიგებთ ხელფასებს

ტაბულა

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩივიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თვეების განმავლობაში დაგროვილი დავალიანება აქვს, რის გამოც მედპერსონალი ხელფასის გარეშეა დარჩენილი.

საქმე ეხება თანხებს, რომელიც სამინისტრომ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უნდა გადაურიცხოს.

"თანამშრომლები ემზადებიან ასე თუ ისე სააწალწლოდ და ერთი თეთრიც არ აქვთ და სამინისტრო ივნისის ნახევარს და ივლისისას არ გვირიცხავს," - აცხადებს კლინიკა გულის ხელმძღვანელი ანზორ მელია მთავარ არხთან.

მელიას თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე უარზეა, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს პრობლემები.

"შეხვედრები არ უნდა, დალაპარაკება არ უნდა," - ამბობს მელია.

კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ სამინისტროს დავალიანებები ახალი პრობლემა არაა:

"დავალიანება ახალი თემა არ არის, ის საკმაო ხანია დაწყებულია და გროვდება. ეხლაც, სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაიზარდა."

საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად მთავრობისთვის თანხების დეფიციტი უკვე ტრადიციადაა ქცეული - წელს პროგრამისთვის ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, რაც მთავრობამ უკვე აითვისა და პროგრამისთვის 11 მილიონი ლარის დამატება მოუწია - ასე გრძელდება ყოველ წელს 2015 წლიდან.

 

კომენტარები