საყოველთაო ჯანდაცვა

კალოიანი: კლინიკებისთვის 520-ე დადგენილების შედეგები ჯერ კიდევ წინაა

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი მთავარ არხთან ამბობს, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შესული 520-ე დადგენილების შედეგად, კლინიკებს უწევთ, ცვლილებებს ზარალის ხარჯზე მოერგონ:

"რაც შეეხება 520-ე დადგენილების შედეგს კლინიკებისთვის, ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ წინ არის. მან უკვე შექმნა გარკვეული პრობლემები, კლინიკები ჯერ კიდევ ცდილობენ, მოერგონ, თუმცა ტენდენცია საკმაოდ სახიფათოა.

ძირითადი დაწესებულებები ცდილობენ მოერგონ ან საკუთარი ზარალის ხარჯზე, ან ძირითადად, თანამშრომლების ხარჯზე,"- ამბობს ვახტანგ კალოიანი.

21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე.

უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ გამოიწვია სამედიცინო სფეროდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს.

კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ყველაზე მძიმედ პაციენტებს შეეხებოდათ, მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად კი მედპერსონალისთვის მოუწევდათ ხელფასების შემცირება. ამისდა მიუხედავად, დადგენილება მაინც შევიდა ძალაში.

უფრო ვრცლად დადგენილებისა და მისი შედეგების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები