საყოველთაო ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანების დაფარვას წლის ბოლომდე ვერ ახერხებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამინისტრო ვერ მოახერხებს, კლინიკების დავალიანება წლის ბოლომდე დაფაროს.

შეხვედრაზე კლინიკების ხელმძღვანელებმა პირობა მიიღეს, რომ დავალიანება ეტაპობრივად დაიფარება.

"ამჟამად ასევე მიმდინარეობს დავალიანებების პროცესის დაფარვა, ანუ ანაზღაურების პროცესი და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს დავალიანება თუკი ვინმეს აქვს დადგენილებით განსაზღვრული ვადების გარეთ უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას.

სრულად დავალიანებების დაფარვა, რა თქმა უნდა, [წელს] ვერ მოხდება." - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქმე ეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგროვილ დავალიანებას. ზოგიერთი კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამინისტროს ივნისიდან მოყოლებული არ გადაურიცხავს შესაბამისი თანხები, რის გამოც ვერ ახერხებენ ხელფასების დარიგებას.

საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად მთავრობისთვის თანხების დეფიციტი უკვე ტრადიციადაა ქცეული - წელს პროგრამისთვის ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, რაც მთავრობამ უკვე აითვისა და პროგრამისთვის 11 მილიონი ლარის დამატება მოუწია - ასე გრძელდება ყოველ წელს 2015 წლიდან.

კომენტარები