აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს

AP

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს.

ტრამპის თქმით, იგი კიმ ჩენ ინს ერთი-ერთზე გაესაუბრებოდა და სთხოვდა ბირთვული პროგრამის შეჩერებას.

"მე გავესაუბრებოდი მას, არ მექნებოდა ამის პრობლემა", - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, ჩინეთს აიძულოს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყება.

"მე ზეწოლას მოვახდენდი ჩინეთზე, ეკონომიკურად ჩვენ მათზე ძალიან დიდი გავლენა გაგვაჩნია. ხალხი ამას ვერ იაზრებს. ჩინეთს კი შეუძლია, ერთი სატელეფონო ზარით ან შეხვედრით მოაგვაროს ეს პრობლემა", - აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება ბრიტანეთში ვიზიტს, დონალდ ტრამპი ამას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად არჩევის შემდეგ ნოემბრის არჩევნებამდე გეგმავს, თუმცა, მისივე თქმით, მას ესმის, რომ ბრიტანეთთან კარგი ურთიერთობა ვერ ექნება, რადგან ტრამპი პრემიერმა დევიდ კამერონმა და ლონდონის ახალმა მერმა სადიქ ხანმა არაერთხელ გააკრიტიკეს.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული თავდასხმით არაერთხელ დაემუქრა.

კომენტარები