სოფლის მეურნეობა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 3.1%-ით გაიზარდა

Brendon O'Hagan / Bloomberg

საქართველოში აღრიცხული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 1.37 მილიონს შეადგენს, რაც გასული წლის მესამე კვარტლის მონაცემებს 3.1%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, ასევე 11.4 ათას ტონამდე არის გაზრდილი გადამუშავებული ხორცის მოცულობა. ხორცზე მოთხოვნა საახალწლოდ იზრდება, რის გამოც გადამუშავებული ხორცის მოცულობა წლის მეოთხე კვარტალში დაახლოებით, 40%-45%-ით იზრდება. 

მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რაოდენობის ზრდა ხორცის ფასის ხელმისაწვდომობაზე დადებითად აისახება. თხისა და ცხვრის საერთო სულადობა 1.06 მილიონს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებს 8%-ით აღემატება. აღრიცხული ღორის სულადობა კი წლის მესამე კვარტალში 23%-ით გაიზარდა და 328 ათასი შეადგინა. ღორის რაოდენობა სხვა პირუტყვთან შედარებით მეტი სეზონურობით გამოირჩევა - ის მაქსიმალური, წლის მეორე და მესამე კვარტალშია, ზამთრის თვებში კი, მოხმარების ზრდის გამო, მცირდება.

2015 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის საქართველოში აღრიცხული ფრინველის რაოდენობამ 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 8.9%-ით აღემატება. წლის მესამე კვარტალში გამოშვებული კვერცხის მოცულობამ კი 138.8 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9.2%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დაზუსტებული მონაცემები 2016 წელს გამოქვეყნდება.

კომენტარები