სოფლის მეურნეობა

დავითაშვილი: სოფლის მეურნეობისთვის იაფი ფული ივანიშვილის დაპირება იყო, რაც შესრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაპირება სოფლის მეურნეობისათვის იაფი ფულადი რესურსის შესახებ შესრულდა.

"იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა. დღემდე არსებობს პროგრამა "შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც, ფაქტობრივად, უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით". – ამბობს დავითაშვილი.

მინისტრის აზრით, ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა ვენახების ფართობის ზრდა და სახელმწიფოს ჩარევის შედეგად, ფერმერებმა პანდემიის პირობებში ადაპტაცია სწრაფად შეძლეს.

"შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში
ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია არის ძალიან დადებითი. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს.

რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას, ჩვენ გავაჩინეთ
მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები ფაქტობრივად უფასოდ იმისათვის, რომ სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს და
ერთწლოვანი კულტურების მეტი მოსავალი მიგვეღო". – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, არსებული პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველო იყოს ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა და სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ქვეყნის ეკონომიკაში.

კომენტარები