სოფლის მეურნეობა

მოსახლეობას ტყის კენკროვანი პროდუქტებით სარგებლობა და ვაჭრობა არ ეკრძალება

მთავრობის მიერ დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესის" თანახმად, არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა სპეციალური ნებართვის გარეშეც დაშვებულია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს. 

ტაბულას სამინისტროში განუმარტეს, რომ ტერმინი "პირადი მოხმარება" გულისხმობს ვაჭრობასაც, ანუ მოქალაქეს ისევ შეეძლება კენკრის ტყეში დაკრეფა და მისი ბაზარში გაყიდვა. 

სამინისტროს განმარტებით, ახალი რეგულაციით შესაძლებელი გახდა აღნიშნული რესურსებით კომერციული საქმიანობა, რაც აქამდე აკრძალული იყო. შესაბამისად, ქვეყანაში არ არსებობდა ტყის რესურსების მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, ბიზნესს არ შეეძლო კანონიერი გზით პროდუქტის ექსპორტზე გატანა.  

იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც სურთ კომერციალიზაციის სპეციალური ნებართვის მიღება, მოუწევთ გადასახადის გადახდა.

"ახალი ტყითსარგებლობის წესით, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება იურიდიულ პირებზე გაიცემა. აღნიშნული პირები წარადგენენ განცხადებას და სათანადო დოკუმენტაციას ტყის მართვის ორგანოში, რის შემდეგაც, განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მიიღებენ ერთი წლის ვადით. რესურსის მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებულია, წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი". – წერია სამინისტროს პრესრელიზში. 

"ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, კენკრა, სოკო ან ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წარმოიღოს". – თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.   

კომენტარები