ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

NGO-ები შიშობენ, რომ ასოცირებით აღებული ვალდებულებები ირღვევა

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს წერილით მიმართა.

წერილში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. წერილი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველ მდივანს რადოსლავ დარსკის პირადად გადასცეს.

„გვჯერა, რომ თუკი კანონპროექტი ამ სახით დამტკიცდება, ის შეასუსტებს და გააუარესებს საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობასა და ხარისხს საქართველოში. სწორედ ამ სერიოზულ საფრთხეზე საუბრობენ ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისათვის მიწერილ ერთობლივ წერილში", - ნათქვამია წერილში.

არასამთავრობოები შეშფოთებულები არიან კანონპროექტზე მუშაობის პროცესით. ისინი მიიჩნევენ, რომ ის არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში მკაფიოდ წერია, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ ბანკს, შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

„კანონპროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები. მოგმართავთ თხოვნით, რომ ოფიციალურად დაადასტუროთ ეს ფაქტი და მოგვაწოდოთ ევროკავშირის ექსპერტების სია, ვინც მონაწილეობდა კონსულტაციებში და ასევე, მსგავსი სამუშაო შეხვედრების კონკრეტული თარიღები", - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები ჰერმანს სთხოვენ, მკაფიოდ განმარტოს, საქართველოსთვის რა შესაძლო შედეგი შეიძლება დადგეს, თუკი დაირღვევა ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა მხარე შეთანხმებულად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგში გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად იმუშავებს, იმისათვის, რომ ევროპის კავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებით, გავაძლიეროთ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ყველა შესაძლო გავლენისგან", - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

ასოციაცია "მწვანე ტალღა"

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი(EPRC)

კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი

მედის განვითარების ფონდი(MDF)

მომავლის ინიციატივა

საზოგადოება და ბანკები

საინფორმაციო პორტალი – "ევროპა საქართველოსთვის"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია(GRASS)

საქართველოს სტრატეგიიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG)

სტუდია "მონიტორი"

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)

ხმა საქართველოდან

Georgianreview.ge

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლების დეკანი გიგა ბედინეიშვილი.

 

კომენტარები