რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი: რუსული პროპაგანდის მიზანია საქართველოს ევროპული ოცნება მოკლას

ტაბულა

საქართველოს ლიდერი სამყაროს რუსულ ექსპანსიაზე აფრთხილებს - ასე ჰქვია Associated Press-ის სტატიას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუს მიხედვითაა დაწერილი.

AP-ისთან საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე გასაფართოებლად.
მარგველაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ომმა და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის დაპყრობამ აჩვენა, რომ მოსკოვი მზად არის, არასტაბილურობა გამოიწვიოს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

"ისინი ყველაზე სწრაფები და პირველები არიან ტანკების გამოყვანაში. სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრაზიის კონტინენტის ნახევარი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. თუ მათ თავიანთ სუვერენულ ქვეყანაში რაიმე სახის არასტაბილური გარემო აქვთ, მათი მეზობელი სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას "კალაშნიკოვებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

AP-ისთან საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ჯერ კიდევ გრძნობს სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის შემდეგ თავისი ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან დაკარგა. რუსეთმა მესაზღვრეები და სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩააყენა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როგორც 2008 წელს საქართველოში, 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინაში არასტაბილური გარემო შექმნა, რასაც ყირიმის მიერთება და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო აჯანყება მოჰყვა. მარგველაშვილის განცხადებით, თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი რამ რუსეთმა შესაძლოა, სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს.

"ჩვენ უფრო ძლიერ და პრინციპულ მესიჯებს ველოდებით იმის შესახებ, რომ ეს მიუღებელია და დარჩება მიუღებლად მაშინაც, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება", - ამბობს მარგველაშვილი.

AP-ის სტატიაში საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც საქართველოში სულ უფრო ძლიერი ხდება. საუბარია რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ახალი ამბების სააგენტო სპუტნიკზე, რომელმაც საქართველოში დაიწყო მუშაობა და ახალ ამბებს ქართულად და რუსულად აწვდის ხალხს. აღნიშნულია, რომ რუსული სახელმწიფო ტელეარხებიც ფართოდ ხელმისაწვდომია.

მარგველაშვილი აცხადებს, რომ კრემლის პროპაგანდის მიზანია, ქართველებს კითხვა გაუჩნდეთ საკუთარ არჩევანთან, ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"მთავარი მესიჯია, რომ ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი განწირულია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიის დასასრულს, მარგველაშვილის კარიერის მოკლე მიმოხილვაა, სადაც აღნიშნულია, რომ ის პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანი იყო, მილიარდერის, რომლის პოლიტიკურმა ძალებმაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკავშილის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაამარცხეს და ნათქვამია, რომ თავდაპირველად ივანიშვილის მარიონეტად მიჩნეულმა მარგველაშვილმა თანდათან თავისი კურსი აირჩია და ახლა უკვე მფარველისგან განცალკევებულია. ასევე ნათქვამია, რომ NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგი მხოლოდ პატრიარქ ილია მეორის რეიტინგს ჩამორჩება.

კომენტარები