რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას – 3 პარტია აბაშიძე-კარასინის ჩანაწერზე

კადრი ვიდეოდან/მთავარი

სამი ოპოზიციური პარტიის შეფასებით, ქართული ოცნება "ჩვენს ზურგს უკან" ატარებს რუსულ პოლიტიკას. დროას, სტრატეგია აღმაშენებლის და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერებმა აბაშიძე-კარასინის გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას 24 თებერვლის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

"ამ ჩანაწერში არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენს ოკუპაციაზე, არა ჩვენს უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე, რასაც ჩადის რუსეთი, არამედ, ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე, რაღაცა საკუთარი კონკრეტული ინტერესების შესახებ. ესე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენ ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას.

სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან, მთავარი კითხვაა, რას ვშვებით ჩვენ, ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას, და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის "არა" და 24 თებერვალი, განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის, დასავლური ცივილიზებული სამყაროსი, არის ის დღე, როცა ეს "არა" ჩვენ ყველამ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ვუთხრათ, რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს" - ამბობს ელენე ხოშტარია.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ჩანაწერით პირდაპირ მტკიცდება, რომ "თურმე ჩვენს ზურგს უკან არსებობს ფორმატები, რომელი ფორმატებითაც რუსეთის ფედერაციასთან მალულად და ფარულად საუბრობს ქართული ოცნება". მისი განცხადებით, "ის, რაც ხდება ჩვენს ზურგს უკან", დანაშაულია და ა"მას არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით". მან საზოგადოებას მოუწოდა, "24 თებერვალს ვაჩვენოთ" -  რა არის რეალურად ქართველი ხალხის ნება.

"თურმე არსებობს ფორმატი, როდესაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელაპარაკება საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, ჩვენ არავის გვსმენია მსგავსი ფორმატის შესახებ. უფრო მეტიც, რუსეთის მხრიდან ამ ჩანაწერში არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელ ფორმატსაც არავითარი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა დიდი ხანია გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ქართული ოცნება მათთან დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

როცა მალავ, როცა ამას ზურგს უკან აკეთებ, ეს ცალსახა დანაშაულის მამტკიცებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, ეს ფარული საუბრები დიდი ალბათობით გამოიყენება მათ შორის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხების თუ ახალი მექანიზმების გახსნისთვის. რაც ყველაზე ცუდია, ქართულ ოცნებას ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან.

სწორედ ამიტომ ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვმართავს მთელი დასავლეთი, მათ განასხვავეს ქართული ოცნება და ქართველი ხალხი. ყველა ხედავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, ღირსეული მხარდაჭერა უკრაინის და სწორედ ამიტომ, 25 თებერვალს უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ის, რაც ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან, არ არის ნება, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი. ის, რაც ხდება ჩვენ ზურგს უკან, ეს არის დანაშაული და ამას არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით. ასე რომ 24 თებერვალს უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, ჩვენი გმირების მხარდაჭერისთვის გელოდებით რუსთაველზე, რომ ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რა არის რეალურად ქართველი ხალხის ნება" - თქვა ვაშაძემ.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, "ამ ჩანაწერში რაც ჩანს, ისედაც ვიცოდით", თუმცა, პრობლემაა, რომ არ ვიცით - რაზეა მოლაპარაკებები. მისთვის პრობლემაა ის "ტონალობა", რაც გავრცელებული საუბრის ჩანაწერში ჩანს.

"ვიცით, რომ ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს, ხან - აბაშიძის პირით, ხან - შინაგან საქმეთა მინისტრის, ხან - სუსის პირით და ა.შ. ამ ყველაფერში პრობლემაა ის, რომ არ ვიცით, რაზე არის ხოლმე ეს მოლაპარაკებები. ასევე ამ ჩანაწერში ჩანს, შეთანხმება არგასაჯაროებაზე და ხალხისთვის დამალვაზე. უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ამას შევეჩვიეთ. თითქოს, ეს ნორმალური ამბავია, როცა ივანიშვილი ჩვენს ზურგს უკან, კაცმა არ იცის რაზე, უთანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერს.

ჩემთვის პრობლემა არის ტონალობა, რაც ჩანს ამ საუბარში. რაც 24-ში უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ პირველ რიგში უკრაინელებს დავანახოთ - ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც უკრაინაში რუსეთის მიერ ბავშვების ხოცვის ფონზე, რუსეთს ასეთ ტონალობაში - მეგობრულად, ჯიგრულად - ელაპარაკება. ეს არის ამაზრზენი. ესაა 24-ში გასაკეთებელი, რომ დავანახოთ პირველ რიგში უკრაინელებს და შემდეგ - დანარჩენ მსოფლიოს და საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რომ ეს არ არის ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობა ამ ქვეყნისთვის და აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის. ყველა შევიკრიბოთ 24-ში პარლამენტის წინ." - ამბობს ჯაფარიძე.

1 თებერვალს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც ზურაბ აბაშიძესა და  გრიგორი კარასინს ეკუთვნის. ჩანაწერის მიხედვით ზურაბ აბაშიძე კარასინს აწვდის ინფორმაციას ლარსის მიმართულებით მიმდინარე პარალელური მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.

თავად ზურაბ აბაშიძე ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას და ამბობს, რომ ვერ ხვდება ამაში "სასკანდალო რა არის“. მისი თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და თემა "ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას" შეეხებოდა. აბაშიძის მტკიცებითვე, კარასინთან კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ჰქონდა.

"ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – უთხრა აბაშიძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კომენტარები