შვეიცარიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და მის ირანელ კოლეგას შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. ჯონ კერის და მოჰამად ჯავად ზარიფის მოლაპარაკება მესამე დღეა გრძელდება. შეერთებული შტატები ირანს სანქციების შერბილების სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის 10 წლით გაყინვას სთავაზობს.
გუშინ შეერთებული შტატების კონგრესში გამოსვლისას ისრაელის პრემიერმა ვაშინგტონს მოუწოდა, ირანთან გარიგებაზე არ წავიდეს, სანამ ეს ქვეყანა საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის. ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება და მისი იდეოლოგია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"ეს შეთანხმება არათუ შეაჩერებს ბირთვული იარაღის გავრცელებას, არამედ გამალებულ ატომურ შეიარაღებას გამოიწვევს პლანეტის ყველაზე საშიშ ნაწილში. ეს არ იქნება გარიგება სახელით "მშვიდობით, იარაღო". მას უფრო მიესადაგება სახელი - "მშვიდობით, კონტროლო შეიარაღებაზე". მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ირანისგან, შეწყვიტოს აგრესია მეზობლების წინააღმდეგ, ტერორიზმის მხარდაჭერა, ასევე მუქარები ისრაელის მიმართ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის განცხადებები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა. ბარაკ ობამას თქმით, მოლაპარაკება პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა.
"მთავარი საკითხია, თავიდან ავიცილოთ ირანის ბირთვული შეიარაღება, რაც მას კიდევ უფრო საშიშს გახდის. ბატონი პრემიერმინისტრი არ გვთავაზობს რაიმე ალტერნატივას ამ მიზნის მისაღწევად. არაერთხელ მითქვამს, რომ ცუდ შეთანხმებას მირჩევნია, საერთოდ არაფერზე შევთანხმდეთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში გვაქვს ყველაზე მოგებიანი საშუალება - ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების მოპოვება თავიდან ავიცილოთ. სანქციებით ამას ვერ მივაღწევთ, საბრძოლო მოქმედებებიც კი ამ წინადადებებზე უფრო წარმატებული ვერ იქნება", - განაცხადა ობამამ.





