დავით კირკიტაძის საქმე

დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობას ითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს კირკიტაძის მიმალვის საფრთხე. 

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძემ მზადყოფნა გამოთქვა, სასამართლოს პირველივე გამოძახებისთანავე თბილისში ჩამოფრინდეს. მან წარადგინა დოკუმენტებიც - სტუდენტის ბარათის და სასწავლო ვიზის ასლები, ასევე უკან დასაბრუნებელი ბილეთი. 

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დავით კირკიტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ვერსიით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ.

"ამით სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი. ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები