დავით კირკიტაძის საქმე

კირკიტაძე: ჩემს პროცესზე ერთი რამის სათქმელად შევდივარ, რომ არიან ივანიშვილის ნოტარიუსები

დავით კირკიტაძე
რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ქართული ოცნების პასუხია იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა რუსთავში საკრებულოს არჩევნები წააგო. კირკიტაძე ამ ქალაქში ენმ-ს მერობის კანდიდატი იყო, რომელიც მეორე ტურში დამარცხდა. 

ამის შესახებ დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დაწყებამდე მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. 

"მე შევდივარ ახლა სასამართლო დარბაზში ღიმილით, იმიტომ, რომ ყველამ იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ქართულ ოცნებას ამაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია და დასაცინები არიან. მე მადლობელი ვარ ამ ხალხის, მადლობელი ვარ რუსთაველების, იმიტომ, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი და დაამარცხეს ქართული ოცნება და ქართული ოცნებისგან პასუხი იყო ის, რომ ჩემზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საკრებულოში ჩვენმა 16-მა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ზეწოლა იყო მათზე, ქართულ ოცნებას არ მისცა საშუალება, რომ ეს ქალაქი ერთპიროვნულად ემართა და აქ ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ კონკრეტული საქმეების კეთებას რუსთაველებისთვის. მიწის ნაკვეთების გადაცემას, იმ ქონების განმტკიცებას, რომელიც მათ ეკუთვნით.

სასამართლოზე შევდივარ ერთი რამის სათქმელად, რომ ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსები და თავისუფლება მიშას". – თქვა დავით კირკიტაძემ. 

გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ დავით კირკიტაძის მიამრთ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ნიშნავს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (ჩადენილი ორი პირის მიმართ). დავით კირკიტაძეს ერთად პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ სამი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერები კირკიტაძის შტაბთან მის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აპროტესტებდნენ, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერებთან ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. კირკიტაძის საარჩევნო შტაბის წევრის ცნობით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები კირკიტაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდნენ. 

პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დავით კირკიტაძის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. საკრებულოში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 18, ხოლო გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის 3 წევრია, კონსენსუსის შედეგად თავმჯდომარედ საქართველოსთვის წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს

კომენტარები