დავით კირკიტაძის საქმე

ბოკერია: კირკიტაძის წინასწარი პატიმრობა არის სამართლებრივი აბსურდი და ცინიზმი

ტვ პირველი

გიგა ბოკერიას თქმით, ცინიკურია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დარჩა. 

მოსამართლემ დღეს არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ, არც 2000 ადამიანის თავდებობა იმის შესახებ, რომ კირკიტაძე არ მიიმალებოდა - თავდებში ენმ-ის დაკავებულ წევრს დეპუტატებიც უდგებოდნენ. 

"ერთადერთი სიტყვა არსებობს იმის შესაფასებლად, რაც ვიხილეთ დღეს აქ, ეს არის სამარცხვინო, დამცირებული სასამართლო სისტემა. ამ მოსამართლემ ბრძანა, რომ თავდებში მყოფი პირების ნახვა სურდა დარბაზში. ეს შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო, მას შესაძლოა სურდა ჩვენი ნახვა და გასაუბრება, რატომ ვდგევართ თავდებში, რომ მიმალვის რისკი არ არსებობს, რაშიც მე სრულიად დარწმუნებული ვარ.

მოგეხსენებათ, მე ევროპულ საქართველოს წარმოვადგენ, ჩვენი გუნდი იმ აქციაში საერთოდ არ მონაწილეობდა, რის გამოც ბატონი კირკიტაძე დაკავებულია, მაგრამ ეს არაფერ კავშირშია არც ბატონი კირკიტაძის პერსონასთან, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. აქ არის პრინციპული საკითხი. როცა ის იმყოფებოდა უცხოეთში, დაბრუნდა, რათა პოლიტიკური კარიერა ჰქონოდა და წარმდგარიყო კანონის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პერიოდი, როცა ამ ტიპის პოლიტიკური დევნა ბევრ შემთხვევაში დასრულდა პატიმრობით. აქ აბსოლუტურად ნათელი სიტუაციაა. ბატონ კირკიტაძეს აქვს ამოცანა, იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ნაციონალური მოძრაობის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის კონკურენტის. 

ამიტომ, ამ მიზეზით მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არის სამართლებრივი აბსურდი და ცინიზმი, როცა ჯერ დაგვიბარეს და შემდეგ იქნა მიღებული სიგნალი ხელისუფლებისგან. მოსამართლის დღევანდელი საქციელიც, შეშინებული, დამცრობილი, საკუთარი თავის რწმენის არმქონე, თვითონაც რომ ესმის, როგორ სამარცხვინოდ იქცევა. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის და ეს არ არის პერსონალურად კირკიტაძის, ნაციონალური მოძრაობის ან ოპოზიციის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს", - თქვა გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში. 

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 2018 წლის 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

 

კომენტარები