ოკუპირებულ ყირიმში კრემლის მიერ დანიშნულმა მარიონეტულმა მთავრობამ 26 ივნისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში უკრაინამ ნახევარკუნძულზე იერიშები გააძლიერა, რამაც ყირიმის სხვადასხვა ნაწილში ენერგომომარაგების შეწყვეტა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია.
რუსული სამთავრობო მედია ადასტურებს, რომ ყირიმის მარიონეტმა ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა, ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"სევასტოპოლის გუბერნატორ მიხაილ ვლადიმიროვიჩ რაზვოჟაევთან ერთად, გადაწყდა, რომ ხელი მოეწეროს ყირიმის რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რეგიონული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ეს გადაწყვეტილება ძირითადად ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად იქნა მიღებული." – განაცხადა აქსიონოვმა Telegram-ზე.
ყირიმის ნახევარკუნძულზე გახშირებული და ინტენსიური უკრაინული იერიშების შემდეგ სევასტოპოლში ელექტრომომარაგების მხრივ შეფერხებები შეიქმნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ "მადიარ" ბროვდის თქმით, უკრაინამ სევასტოპოლის მთავარ ელექტროქვესადგურს 24 ივნისის დილის საათებში შვიდჯერ დაარტყა.
პარალელურად, რუსულ ნავთობობიექტებზე უკრაინის განმეორებითი იერიშების გამო რუსეთის მასშტაბით საწვავზე კრიზისი შეიქმნა და ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე მანქანების გრძელი რიგები ჩანს. საწვავზე დეფიციტია ოკუპირებულ ყირიმშიც.
ცნობისთვის, ივნისის შუა რიცხვებში რობერტ ბროვდიმ გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევაა, რაც ბროვდის მიხედვით, "ახლო მომავალში" მოხდებოდა.
მოგვიანებით ბროვდიმ დაწერა, რომ ნახევარკუნძული კრემლისთვის "ფსიქოლოგიური გარდატეხის წერტილი" გახდება და "მოსკოვს დაასრულებს".
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა 17 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით იერიშების გამო ოკუპირებული ყირიმი მალე იზოლაციაში მოექცევა, რამაც შესაძლოა, რუსეთისთვის "ძალიან მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს".
ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) 40-დღიანი ოპერაციის დაწყება დაამტკიცა, რომლის მიზანიც ომის დასამთავრებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა.





