უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

პრეზიდენტი: 9 თებერვლამდე წარმოადგინეთ მოსაზრებები სასამართლოს თავმჯდომარეზე

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კრიტერიუმებზე შეთანხმდა. მან დაინტერესებულ, კვალიფიციურ პირებს სთხოვა, 9 თებერვლამდე წარმოადგინონ მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით.
 

"ამ პროცესს [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს] აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამტკიცების თვალსაზრისით. იმიტომ რომ სასამართლო არის ერთ-ერთ ის ლოდი-საკიდური, რომელზეც იგება ჯანმრთელი დემოკრატიული სახელმწიფოს სისტემა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ აქამდე ქართული საზოგადოებისთვის არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა პოლიტიკური საპარლამენტო ძალა, ექსპერტული საზოგადოება და გავხსენით ამ მიმართულებით ფართო დისკუსია.

ამ დისკუსიამ გამოავლინა ჩემთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, ფაქტიურად თანხმდებიან ერთი და იგივე კრიტერიუმებზე.

მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ასეთი ტიპის კონსენსუსი კრიტერიუმებზე დღეს არის შემდგარი დისკუსიების და კონსულტანციების შედეგად. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციური ფრაქციებიც ფაქტიურად ერთ ხედვაზე გველაპარაკებიან.

რა თქმა უნდა, არსებობს დაზუსტებები, განსხვავებული პატარა დეტალები, მაგრამ ჯამში ეს არის ერთი კრიტერიუმები. ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისათვის. თვისებები კრიტერიუმებზე, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, ეს არის კანონით განსაზღვრულ თვისებებზე დამატებული, რადგან კანონიც განსაზღვრავს გარკვეულ კრიტერიუმებს. ეს არის პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი.

სწორედ ამ კრიტერიუმებზე ფაქტიურად შეთანხმდა დღეს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. რა თქმა უნდა, არსებობს დეტალები, რა იქნებოდა ძალიან სასურველი, მაგრამ ამ ოთხ კრიტერიუმში გაერთიანდა როგორც სასურველი, ასევე ის წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენ მოგვინიშნეს პოლიტიკურმა ძალებმა და სზოგადოებამ.

აქედან გამომდინარე, გვაქვს რა ასეთი საინტერესო პოლიტიკური კონსენსუსი, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, შემდეგ ნაბიჯს ვაცხადებთ და უკვე საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს, იმ ხალხს, ვინც არის კომპეტენტური ამ სფეროს მიმართულებით, ვთხოვთ, რომ 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წამოადგინონ უკვე თავიანთი მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, შემდგომ ამ კანდიდატურების სიას გაცხრილავს და შეხედულებას ჩამოაყალიბებს ადმინისტრაციაში შექმნილი კომპეტენტური კომისია. რის შემდეგადაც შედეგებს გაუზიარებს ისევ საზოგადოებას.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ღია, გამჭვირვალე და უპრეცედენტო პროცესი, მნიშვნელოვანია სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი ასამაღლებელია, როდესაც სასამართლო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, უნდა მართლაც გახდეს ყველაზე სანდო ინსტიტუტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, ჩემი აზრით, განაპირობებს იმ რეფორმებს და იმ რეფორმების მიმართ ნდობას, რომელიც ჩვენს ახალ სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები