კახა ბენდუქიძე

სააკაშვილი ბენდუქიძეს: ნახვამდის ჩემო საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ

ნახვამდის საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ - ასე დაემშვიდობა კახა ბენდუქიძეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე,

სააკაშვილი წერს, რომ ვინც ბენდუქიძეს დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ყველაფერი რაც ბენდუქიძემ გააკეთა - მომავალია.

"ბოლოს შეხვედრა - რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან ბრიუსელში ჩამომაკითხა. კახას ბევრი გეგმა ჰქონდა. უახლოეს დღეებში ინიშნებოდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად, ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს აბარებდნენ უკრაინელები, მშობლიური ქვეყნიდან ოფიციალურად დევნილსა და მოძულებულს. უკრაინის გადარჩენას, საქართველოს დახსნის წინაპირობად განიხილავდა და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ბრუნდებოდა სამშობლოში. და, აი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე როგორც მას და მის მეგობრებს წარმოგვედგინა… თუმცა, კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია! ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის რაც მან გააკეთა - მომავალია! გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები, მაგრამ შორიდან ვეუბნები - ნახვამდის ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ. ვინც როგორ უნდა ისე სცადოს ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად კიდევ დიდი საქმეები გველის წინ!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა. 

კახა ბენდუქიძეს დღეს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები