კახა ბენდუქიძე

ბენდუქიძე: თუ ეს პარტნიორობა მისაღებია, მაშინ კახას იდეებსა და მორალს ღალატობ

Anastasia Bendukidze Gncharova/Fb.com

ცოდნის ფონდის დამფუძნებელი-მემკვიდრე ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ყოფილი კოლეგებისა და თანამებრძოლების მიერ არჩვენების შემდეგ ქართულ ოცნებასთან კოალიციაში შესვლის შესაძლებლობას facebook-ის საშუალებით ეხმაურება. ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა, ამჟამად ბლოკ "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ტაბულასთან საუბარში არჩევნების შემდგომ ქართულ ოცნებასთან კოალიციაში შესვლა არ გამორიცხა.

" მამა ხშირად ამბობდა, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება ნამუსის გარდა. სამწუხაროა, იმის დანახვა, რომ ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს მამას პრინციპების გამზიარებებლად და თანამებრძოლად წარმოაჩენდენ, უღალატეს მას.

მახსოვს უცნაური ზარი მისგან 2014 წლის ივნისში. მან მითხრა, რომ საქართველო უნდა დაეტოვებინა და პოლიტიკური თავშესაფარი ან შვედეთში ან ბრიტანეთში უნდა ეპოვნა. როცა ვკითხე მიზეზი, მიპასუხა, რომ სხვა შემთხვევაში დააპატიმრებდნენ. ციხისთვის უკვე მოხუცი იყო, მისი ჯანმრთელობა კი სუსტი, ვერ გადარჩებოდა.

2014 წლის ზაფხულში სამჯერ შევხვდით, საბოლოო ჯამში თვეზე მეტი ვიყავით ერთად. ძალიან ნერვიულობდა, სტრესში იყო და ძალიან აჟიტირებული. თითქმის ყოველთვის ცუდ ხასიათზე. ახლა როცა იმდროინდელ ფოტოებს ვათვალიერებ, ვხვდები, რომ რამდენიმე თვეში, 10 წლით დაბერდა.

მას შემდეგ ძალიან მალე გარდაიცვალა. საკუთარი ქვეყნიდან გარიყული.

დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ ის ფიზიკური სიკვდილით მოკლა, ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუმცა მათ ის ფსიქოლოგიურად მოკლეს.

მას ძალიან უყვარდა საკუთარი უნივერსიტეტები. როცა ისინი [ქართული ოცნება] ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნივერსიტეტები სწორედ ის სუსტი ადგილი აღმოჩნდა, სადაც მას დაუმიზნეს. წარმოგიდგენიათ, თავს როგორ გრძნობდა, როცა გაანალიზა, რომ მათ შესაძლოა უნივერსიტეტები წაერთმიათ?

მან უფრო მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. დროის უდიდეს ნაწილს, ფულსა და ენერგიას იგი ნათელ მომავალს უთმობდა. წარმოგიდგენიათ როგორ გრძნობდა თავს, როცა მას საკუთარი სამშობლოდან გაქცევა მოუწია, თითქოს მოღალატე ყოფილიყო?

ეს ფოტო 2014 წლის ივლისშია გადაღებული. მე მაშინ არ ვიცოდი, თუმცა მან უკვე იცოდა, რომ საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა. მან საკუთარი სამშობლო და საყვარელი უნივერსიტეტები დატოვა.

ახლა კი გთხოვთ ჩახედოთ კახას თვალებში და უთხრათ მას, რომ თქვენ ფიქრობთ იმ ადამიანებთან თანამშრომლობაზე, ვინც ყველაფერი ეს კახას გაუკეთა, ვინც აშინებდა მას, ვინც ქვეყნიდან გააძევა და შემდგომ უკვე სამარეში.

რა თქმა უნდა, პოლიტიკა პოლიტიკაა და ეს შესაძლოა პრაგმატული მიდგომაა. თუმცა თუ ეს პარტნიორობა შენთვის მისაღებია, მაშინ შენ კახას იდეებსა და მორალს ღალატობ. ან ეთანხმები და მიჰყვები მის დევიზს, რომ "შეგიძლია გაყიდო ყველაფერი ნამუსის გარდა“ ან ღალატობ მის პრინციპებს და აღარ შეგიძლია საკუთარ თავს კახას თანამებრძოლი უწოდო. ეს შენი გადაწყვეტილებაა." - წერს ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა პირად facebook გვერდზე.

ფოტო: facebook.com/abendukidze

 

კომენტარები