კახა ბენდუქიძე

ბოკერია: ბენდუქიძე ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმატორი

ტაბულა

კახა ბენდუქიძის კვირეული მისივე სახელობის საუნივერსიტეტო კამპუსში გრძელდება. თავისუფალ უნივერსიტეტში კახა ბენდუქიძის რეფორმებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა. თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ და ეკონომისტმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კახა ბენდუქიძის იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელმაც საქართველოს წარმატება მოუტანა.

გიგა ბოკერიამ შეუქცევადი უწოდა იმ რეფორმებს, რომელიც კახა ბენდუქიძემ სხვადასხვა მიმართულებით, რამდენიმე სფეროში განახორციელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საზოგადოებაში კახა ბენდუქიძის და მისი საქმეების მნიშვნელობა დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში კახა ბენდუქიძე შევა, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმატორი, თავისუფლების დამცველი და ქომაგი. კახა რომ ისტორიაში შევა, ამას თავისი მოღვაწეობით მიაღწია. საზოგადოების, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ ქვეყნაში გაიმარჯვოს იმ ღირებულებებმა, იმ ფასეულობებმა და თავისუფლებამ, რისთვისაც კახა ბენდუქიძე იბრძოდა", - თქვა ბოკერიამ.

კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, დღეს თავისუფალ უნივერსიტეტში უკრაინელი ჟურნალისტის, ვლადიმირ ფედორინის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ფედორინმა წიგნი სხვადასხვა ეტაპზე კახა ბენდუქიძის საქმიანობასა და მის მიერ გატარებულ რეფორმებს მიუძღვნა. 

კომენტარები