ევრომაიდანი

დღეს უკრაინა ევრომაიდნის დაწყების ერთი წლისთავს აღნიშნავს

აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებთან მისასვლელელბი გადაკეტეს. 2.12.2013
hromadske.tv

დღეს უკრაინა ევრომაიდნის დაწყების ერთი წლისთავს აღნიშნავს. 2013 წლის 21 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ხალხმა მაიდანზე სტიქიურად შეკრება დაიწყო.

30 ნოემბერს დემონსტრაცია მაიდანზე სპეცრაზმელებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც კიდევ უფრო ხალხმრავალი გამოსვლები მოჰყვა. იანუკოვიჩის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდიოდა და დემონსტრანტების სპეცრაზმის მეშვეობით დაშლას ცდილობდა. იანვრის ბოლოს კიევის ცენტრში შეტაკებები დაიწყო, რასაც პირველი მსხვერპლი მოჰყვა. 18-20 თებერვალს კი, ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

დაპირისპირება მაიდანზე სამ თვეს გაგრძელდა - 22 თებერვალს პრეზიდენტი იანუკოვიჩი კიევიდან გაიქცა, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა.

მაიდნის წლისთავთან დაკავშირებით, უმაღლეს რადაში გასულმა ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ კოალიციური შეთანხმების პარაფირება მოახდინა. დოკუმენტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხია გაწერილი და რამდენიმე დღეში მისი საბოლოოდ გაფორმება მოხდება. კოალიციის მიღმა რადაში მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ოპოზიციური ბლოკი რჩება.

კიევს შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვია. იგი ქვეყნის პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდება, ასევე მაიდნის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კიევში სამხედრო დახმარების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამერიკული მედიის ცნობით, ადმინისტრაცია უკრაინას შეიარაღებას არ მიაწვდის, თუმცა არალეტალური საშუალებების მიწოდებას გაზრდის.

კომენტარები