ევრომაიდანი

იმპერიასთან ბრძოლისთვის საჭირო ექვსი ფაქტორი

საქართველოში ვარდების რევოლუციიდან ცოტა ხნის შემდეგ, ახალგაზრდა ყირგიზი ჟურნალისტებისთვის ტრენინგს ვატარებდი და მათ შორის აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც თბილისში მომხდარით დაინტერესდა. მე მოვუყევი მათ, რაც ვიცოდი, თუმცა ერთი ყველაზე დაჟინებული სტუდენტის შეკითხვამ გამაკვირვა: „ჩვენ, ყირგიზეთში თუ შევძლებთ ამას?" ვუპასუხე, არა-მეთქი. „რატომ?" – მკითხა ნაწყენმა. „თქვენ ქართველები არ ხართ", – ვუპასუხე.

შემდეგ ვინანე, რომ, ალბათ, ვაწყენინე ახალგაზრდა ადამიანს, რომელმაც, ღმერთმა არ ქნას, იფიქრა, რომ ქართველები შეიძლება ყირგიზებზე უკეთესები არიან. მაგრამ უკვე 10 წელია, მეგობრები ვართ და ეს საკითხი მხოლოდ საბაბი გახდა მოგონებებისთვის, რომლებსაც ჩვენ პოსტსაბჭოთა ტერიტორიების ბედზე მსჯელობისას ვიყენებთ. ჩემთვის კი – მიზეზი იმისა, რომ „ფერადი რევოლუციების" ბუნებაზე დავფიქრდე.

რა თქმა უნდა, არ განვიხილავ დასავლური შეთქმულების ვერსიას, რომელიც ხელს აძლევს კრემლის პროპაგანდისტებს, რომლებსაც სურთ დააკნინონ ხალხთა სურვილი, იცხოვრონ დამოუკიდებლად და არა იმპერიაში. ადრე იგონებდნენ სხვადასხვა კნინობით მეტსახელს – „ბასმაჩები", „თეთრები", „ბანდეროვცები" (ისევ აქტუალურია), მაგრამ პროპაგანდისტული ტერმინები მხოლოდ რაღაც დროის განმავლობაში მუშაობდა, მათ ივიწყებდნენ ან ისინი ტრანსფორმაციას განიცდიდნენ. „ბანდეროვცები" ისევ გაახსენდათ – როგორც აღმოჩნდა, ისინი კვლავაც სძულთ რუსეთში, მაგრამ უკრაინაში მათით ამაყობენ.

მაგრამ, რაც არ უნდა ეცადოს კრემლის პროპაგანდა, ისტორიული მეხსიერება ბევრად მყარი და სტაბილურია, ვიდრე დროებითი ლოზუნგები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მეხსიერება სულ უფრო მეტად იჩენდა თავს – გაიხსნა საზღვრები, გაჩნდა ინტერნეტი, ადამიანებმა დაიწყეს ურთიერთობა, ოდესღაც ცენზურას დაქვემდებარებული ინფორმაციის მიღება და ბოლოს, აზროვნება.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას „ფერად რევოლუციებზე"?

პირველ რიგში, სახელმწიფოებრიობის ისტორია. პოსტსაბჭოთა სივრცეზე ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის იმით, რომ საკუთარი ისტორიული ტერიტორიის, ისტორიული სახელმიფოს საზღვრებში იმყოფება, რომელიც რამდენიმე ასწლეულის წინ მაინც გაჩნდა. ამით გამოირჩევა საქართველო, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა პერიოდში თავდასხმებს განიცდიდა და რამდენიმე ისტორიული იმპერიის ნაწილი იყო. ცენტრალურ აზიაში თანამედროვე სახელმწიფოების საზღვრები ხელოვნურია, შემოხაზული ამხანაგი სტალინის მიერ. კავკასიაში, საქართველოს გარდა, იგივე სიტუაციაა – თანამედროვე სომხეთი და აზერბაიჯანი მანამდე სპარსეთის ნაწილები ან მცირე სახანოები იყვნენ, რომლებიც უფრო დიდ მეზობლებზე იყვნენ დამოკიდებული. თითქმის ასეთივე ისტორია აქვთ უკრაინას, მოლდოვასა და ბელარუსს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, ადრინდელი იმპერიების შემადგელობაში შედიოდნენ.

მეორე – პოლიტიკური კულტურის ტრადიციები. 1917 წლის შემდეგ თითქმის ყველა დღევანდელი პოსტსაბჭოთა ქვეყანა დანგრეული რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებას და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ცდილობდა. ბუხარის ემირატშიც კი, რომელიც იმპერიის პროტექტორატი იყო, ჯადიდების, „ახალგაზრდა ბუხარელების" პარტიამ, სოციალ-დემოკრატიული იდეების გავლენით ბუხარის სახალხო რესპუბლიკის შექმნის პროგრამა დაწერა, რომელშიც იყო სიტყვის თავისუფლების მუხლიც. 1918 წელს და, განსაკუთრებით, 20-იან წლებში, წითელმა არმიამ ყველა ფრონტზე შეტევა დაიწყო და გაანადგურა უკრაინის, ბელარუსის, ბუხარისა და კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ყველაზე დიდხანს საქართველომ გაძლო, რომელსაც უკვე ჰყავდა საკუთარი პარლამენტი და პირველად ევროპაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა. 1921 წლის თებერვალში წითელმა არმიამ საქართველოც დაიპყრო.

მესამე – სიტყვის თავისუფლების ტრადიციები. რა თქმა უნდა, გაზეთები, რომლებიც რუსეთის იმპერიაში გამოდიოდა, ცენზურას ექვემდებარებოდა. მაგრამ ეროვნულ პერიფერიაზე არსებობდა იშვიათი გაზეთები და ჟურნალები, რომლებიც თავისუფლად აზროვნებით გამოირჩეოდნენ. მათ გამოსცემდნენ განმანათლებლები, რომლებიც უფრო მშობლიური ენის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ, ვიდრე პოლიტიკაზე. სიტყვის შედარებითი თავისუფლების ტრადიციები არსებობდა საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსში. საბჭოთა დროს საგანმანათლებლო როლი ჰქონდათ გამოცემებს, რომლებიც ემიგრაციაში გამოიცემოდა და საბჭოთა კავშირში მცირე რაოდენობით ხვდებოდა.

მეოთხე – საჯარო პოლიტიკის ტრადიციები. თვალსაჩინო პოლიტიკოსები, რომლებიც 1915-1917 წლების პირველ სახელმწიფო სათათბიროში ბრწყინავდნენ, მეოცე საუკუნის პირველი საჯარო პოლიტიკოსები გახდნენ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და სხვა ახალგაზრდა სახელმწიფოებში. მაგრამ ტრადიციები არსებობდა საპარლამენტო საქმიანობის გარეთაც – ასე თუ ისე, სოციალ-დემოკრატიის პოპულარობამ ასწლეულების მიჯნაზე მრავალი ინტელექტუალი შვა, რომლებიც რეფორმების ინიციატორები ხდებოდნენ.

მეხუთე – დისიდენტობის ტრადიცია. უფლებებისთვის ბრძოლა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გააზრებულ იქნა, როგორც დაპირისპირება ხელისუფლებასთან, თუმცა მანამდეც, „წითელი ტერორის" დროს, ინტელექტუალები ცდილობდნენ ჩუმად არ ყოფილიყვნენ. მაგრამ აქტიური დისიდენტური საქმიანობა შეიმჩნეოდა უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში, ნაკლებად ბელარუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ცენტრალურ აზიაში.

დაბოლოს, მეექვსე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – კრემლის მიმართ წინააღმდეგობა. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ამა თუ იმ ზომით არსებობს რამდენიმე ფაქტორი, მაგრამ თუ არ არსებობს ეს მთავარი ფაქტორი, არანაირი რევოლუცია არ გამოვა, ამისთვის უბრალოდ სტიმული არ არსებობს. შეიძლება დაამხო პრეზიდენტი, რაც ყირგიზეთში ორჯერ გააკეთეს, მაგრამ პოლიტიკური სისტემა დარჩეს, ისევე როგორც ხელისუფლების დამხობის სურვილი. ყირგიზეთში იყო არა რევოლუციები, არამედ უბრალო აჯანყებები, გადატრიალებები, რომელთა შედეგად იცვლებოდნენ ლიდერები, ახალი ხელმძღვანელები კი სისტემას ინარჩუნებდნენ და წინამორბედების შეცდომებს იმეორებდნენ. და ასე შეიძლება რამდენიმეჯერ მოხდეს.

პირველი რევოლუცია პოსტსაბჭოთა სივრცეზე ტაჯიკეთში, 1991-1992 წლებში მოხდა, მაგრამ ის ჩავარდა. მას ბევრი ფაქტორი აკლდა – რესპუბლიკა საკმაოდ ახალგაზრდა იყო, ის 1924 წელს შეიქმნა, არ ჰყოლია საკუთარი დისიდენტები, სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტიკური კულტურის ტრადიციები. არსებობდა შენახული ისტორიული მეხსიერება, მაგრამ ის მეზობელ უზბეკეთში მდებარეობდა, სადაც სტალინის ნებით აღმოჩნდა უძველესი ტაჯიკური ქალაქები სამარყანდი და ბუხარა. მეექვსე ფაქტორის გამოყენების მცდელობა სისხლისღვრითა და სამოქალაქო ომით დასრულდა.

სერიოზული რევოლუციის მეორე მცდელობა უკრაინაში 2004 წელს მოხდა. ამ ქვეყანას აქვს ხუთივე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ აკლდა მეექვსე, რაც პრეზიდენტ კუჩმას მიმართ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს ყირგიზეთის მსგავს სიტუაციაში აქცევდა. ასეც მოხდა – პირველი უკრაინული რევოლუცია თითქმის დავიწყებას მიეცა, რადგან შედეგები არ მოუტანია. კრემლმა უკრაინაზე შური იძია და კრიმინალური წარსულის მქონე „პროფესორი"იანუკოვიჩი მიუვლინა.

მაგრამ, მეორე რევოლუცია წარმატებული გამოდგა, თუმცა მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში მაიდანზე დაიწყეს საუბარი კრემლის ხელის შესახებ, მოგვიანებით კი რუსეთის უშუალო ჩარევის მტკიცებულებებიც გაჩნდა. ნაწილობრივ, მეორე უკრაინული რევოლუცია ქართული ვარდების რევოლუციის გამეორება გახდა. იმ განსხვავებით, რომ თბილისში სისხლისღვრა არ მოხდა და თანამოაზრეთა შეკრული გუნდი არსებობდა. უკრაინას კიდევ მოუწევს ბრძოლა თავისი რევოლუციისთვის, მაგრამ მთავარი საქმე გაკეთებულია – მეექვსე ფაქტორმა შედეგი გამოიღო.

რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ნებისმიერ რევოლუციას აქვს აზრი, თუ რადიკალურად იცვლება არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემა, არამედ გამოკვეთილია ბრძოლა გარე ფაქტორთან, ამ შემთხვევაში – იმპერიის ფაქტორთან კრემლის სახით.

მოსკოვი საკუთარი ნებით არასდროს აღიარებს არცერთ რეფორმას, თუ ის იმპერიულ არსს – კრემლისადმი მორჩილებას ეწინააღმდეგება. არსებობს მორჩილების სხვადასხვა ფორმები: აქტიური – ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი; პასიური – ყირგიზეთი, ტაჯიკეთი; მდუმარე – უზბეკეთი, თურქმენეთი. თუმცა, უკრაინის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგების მიხედვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, კრემლის აქტივში მხოლოდ ბელარუსი და ყაზახეთი დარჩნენ. სხვა ქვეყნებმა ნეიტრალიტეტის პოზიცია დაიკავეს ან კენჭისყრაზე საერთოდ არ გამოცხადდნენ.

ეს სრულებით არ ნიშნავს, იმას, რომ ამ ქვეყნებში რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა. ის არ არსებობს არც ყირგიზეთში, არც ტაჯიკეთში და არც თურქმენეთში. უკმაყოფილება არსებობს, ადგილი აქვს მცირერიცხოვანი გამოსვლებისა და აქციების ჩატარების მცდელობებსაც, მაგრამ აუცილებელი ფაქტორების უმრავლესობის ნაკლებობაა. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი მეექვსე ფაქტორის.

სანამ არსებობს კრემლის პროპაგანდა, ეკონომიკური ბერკეტები, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის კი შრომითი მიგრაციის ფაქტორიც, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ადამიანთა რაიმე ჯგუფის არსებობა, რომელსაც რეფორმების პროგრამა აქვს მომზადებული და თავის გარშემო მოსახლეობის რაღაც ნაწილი შეკრიბა. ამას ენობრივი ასიმილაციის სამწუხარო შედეგიც ემატება, რომელიც ბოლო 100-150 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხალხების მენტალიტეტი შეცვალა და ისინი რუსული პროპაგანდის მომხმარებლებად აქცია, რომლებსაც უყოყმანოდ სჯერათ ყველაფრის, რასაც კრემლი ამბობს.

გადის დრო, ჩნდება კრემლის მიმართ უნდობლობის ახალი მიზეზები, როგორიცაა, მაგალითად, ყირიმის ოკუპაცია და თუ ყველა არა, ხალხის რაღაც ნაწილი მაინც ინტერესდება მეექვსე ფაქტორით და მათთვის მოსკოვის პოლიტიკა გასაგები ხდება. ეს მუხტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ ის უკვე არსებობს. ისღა დაგვრჩენია, კრიტიკული მასის, ანუ მეექვსე ფაქტორის ფორმირებას დაველოდოთ.

კომენტარები