ირაკლი ალასანიას გადაყენება

აპატურაი: მადლობა სამ მინისტრს გაწეული თავდაუზოგავი სამსახურისთვის

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

მადლობა ალასანიას, ფანჯიკიძესა და პეტრიაშვილს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე გაწეული სამსახურისთვის - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.

აპატურაი თავდაცვის მინისტრის გადაყენებას, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის გადადგომას და პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვადევნებ თვალს. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ სამ მინისტრს(ალასანია, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი), რომლებთანაც ბოლო წლების მანძილზე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი. მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის, ქვეყნის გაუმჯობებესებითვის თავდადებისთვის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ჩადებული შრომისთვის.

ასევე მადლობა მათ პერსონალურად, მეგობრობისთვის, რომელიც იმედი მაქვს რომ შენარჩუნდება. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრმა თავის განცხადებაში მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მოვლენების უახლესი განვითარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე გავლენას არ იქონიებს“ - წერს აპატურაი.

მისი თქმით NATO და პერსონალურად ის  საქართველოს დახმარებას გააგრძელებს, რათა ქვეყანა საჭირო ნაბიჯები გადადგას და NATO-ს უფრო დაუახლოვდეს.

კომენტარები