პოლიტიკური დევნა საქართველოში

მარგველაშვილი: სააკაშვილის წინააღმდეგ ვენდეტა 2012 წლის არჩევნებზე დასრულდა

სააკაშვილის წინააღმდეგ შურისძიება 2012 წლის არჩევნებზე დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-ის ეთერში განაცხადა.  

BBC-ის გადაცემის HARDtalk-ის წამყვანის ზეინაბ ბადავის თქმით, საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ევროპასა და აშშ-ში შეშფოთებას იწვევს.

”არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის ნაბიჯებთან დაკავშირებით და იმასთან, აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს სტანდარტებს. მაგალითად, ჯეიმს აპატურაი და ქეთრინ ეშტონი აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში შეშფოთებას იწვევს. თქვენს მთავრობას ევროპელი დიპლომატები პოლიტიკურ შურისძიებაში ადანაშაულებენ. მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ძებნაა გამოცხადებული ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით და 2007 წელს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, რის გამოც თქვენი მთავრობა ძლიერ გააკრიტიკეს. მაგალითად, სენატორმა ჯონ მაკკეინმა და სხვა სენატორებმა განაცხადეს, რომ შერჩევითი სამართალი პოლიტიკური შურისძიების იარაღი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა ბადავიმ.

მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ვენდეტა არჩევნებზე მათი დამარცხებით დასრულდა.

”ამ საკითხზე ჩვენ ინტენსიურად და ყურადღებით ვუსმენთ ყველაფერს, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობენ. ჩვენი მიზანია მეტი საუბარი, შეხვედრები ამ თემაზე ხალხთან, რომლის აზრსაც პატივს ვცემთ. პოლიტიკური ვერდიქტი სააკაშვილს არჩევნებზე გამოუტანეს, როდესაც მან ძალაუფლება დათმო. პოლიტიკური ვენდეტა არჩევნებზე დასრულდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური შურისძიება სასამართლოში ვერ იქნება. საქართველოში სასამართლოს ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქვს კითხვები არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ კრიმინალზე”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები