სააკაშვილის საქმე

საგანელიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ აქტიურობა ქვეყანას ავნებს

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიხეილ სააკაშვილს „საერთაშორისო კრიმინალს" უწოდებს და აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საკუთარი აქტიურობით ყოფილი პრეზიდენტი „ქვეყნისთვის სიბოროტეს ჩადის".

„მართლაც ძნელია, როდესაც უნდა თქვა, რომ 9 წლის განმავლობაში შენს ქვეყანას საერთაშორისო კრიმინალები და არამზადები მართავდნენ, გიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება და ვერაფერი ვერ გააკეთო, რომ ისინი 9 წლის განმავლობაში მოგეცილებინა", - განაცხადა საგანელიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში.

„ძალიან ძნელია იმის გააზრება, როცა შენს ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ალბათ ყველაზე დიდი კრიმინალი და ყველაზე დიდი მტერი ამ ქვეყნის. რომელსაც სიბოროტის გარდა არაფერი არ ჰქონია და თავისი თავის გარდა ალბათ არაფერზე ფიქრობდა. ყველაფერი ეს რაღაც ლამაზ პიარის სპექტაკლში დადგა და მთელი უბედურება ისაა, რომ დღეს ეს კაცი ასევე ძალიან ბევრ სიბოროტეს სჩადის ჩვენი ქვეყნისთვის. დარბის ქვეყნიდან ქვეყანაში, არ ტოვებს ჟურნალს, გაზეთს, მიკროფონს, რომ სადმე თავისი გესლი ისევ არ გადმოანთხიოს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლის მეშვეობით ძებნა გამოცხადდება და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს გადმოსცემენ.

„სააკაშვილი, ბუნებრივია, ირბენს ყველგან, როგორმე შეეცდება, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოძებნოს სადმე... მაგრამ მე იმედი მაქვს, გარდა მისი მეგობრებისა, რომელიც პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ ჰყავს..., არსებობს საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, საღად მოაზროვნე სახელმწიფო ინსტიტუტები, არსებობს, რაც მთავარია, სამართლებრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის, რომელიც უნდა იყოს", - აღნიშნა საგანელიძემ.

მისი თქმით, „ჩვენ, ალბათ, ასეთი ხელმძღვანელი რომ გვყავდა, ბოდიში მთელ მსოფლიოს უნდა მოვუხადოთ".

კომენტარები