სააკაშვილის საქმე

პოლონეთის საგარეო უწყება: საქართველოს ევროპასთან დაახლოება გაურთულდება

wikipedia.org

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეშფოთებულია შერჩევითი სამართლით, რასაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საქართველოში და ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საქართველოს შესაძლოა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება გაურთულდეს.

"ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაწყება დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. ყოველი მოქალაქე პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე მიუხედავად მისი თანამდებობისა. 

პოლიტიკურ მეტოქეებთან ანგარიშსწორების არაჯანსაღი ატმოსფერო, რაც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზრდის შეშფოთებას, რომ პოლიტიკური შურისძიების მოთხოვნილება უარყოფით გავლენას მოახდენს პროცესის სამართლიანობასა და გამოძიების მიუკერძოებლობაზე, რამაც შესაძლოა სამართალს შერჩევითი ბუნება შესძინოს." - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 1 აგვისტოს გავრცელდა.

"ეს მიუღებელია, განსაკუთრებით იმ რთული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც საქართველოში ვხედავთ. ეს არ დაეხმარება საქართველოს მიზნების განხორციელებაში. საქართველოს საშინაო პოლიტიკის მზარდი დაძაბულობა საქართველოს გაურთულებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას", - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას. პოლონეთის საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გამოიჩენს სიფრთხილეს და კანონის უზენაესობის პრინციპებს დაიცავს.

კომენტარები