რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება ტრაგედია არ არის

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს. ამის შესახებ აბაშიძემ მაესტროს ცხრიანში განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო ხანს რუსეთმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები უკრაინასთან მიმართებით და გაამკაცრა სავაჭრო კავშირები მოლდოვასთანაც.

"ასე რომ, მოსალოდნელი იყო იგივე ჩვენთან მიმართებაშიც და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდით. როდესაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მივდიოდით, პარალელურად ვაანალიზებდით იმას, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ასეთ ალბათობას ვუშვებდით, თუმცა არა მგონია, ეს ტრაგედია ან დიდი ტრავმა იყოს. ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, იქ თამაშის წესები არსებობს და ვიცხოვრებთ ამ წესების მიხედვით. ალბათ, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი გაძვირდება, რაღაცა უფრო რთული გასატანი იქნება - შეიძლება რაღაც მეტად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ ამას, როცა გვინდა, ვიყოთ ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ თუ 1994 წელს დაწესებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გადაიხედება, "ვივაჭრებთ ჩვეულებრივად, ისე, როგორც რუსეთთან ვაჭრობს ძალიან ბევრი ქვეყანა". 

მისივე თქმით, "ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვეულებრივი სავაჭრო რეჟიმი აქვს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებით ვაჭრობენ. ასე ვივაჭრებთ ჩვენც. შეიძლება, ჩვენმა ბიზნესმა გარკვეული ზარალი განიცადოს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი გათვლები ისეთია, რომ განსაკუთრებულ ტრაგედიას არ უნდა ველოდეთ – ციფრები დიდი არ არის, მილიარდებზე და ასობით მილიონზე საუბარი არ არის".

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას გულისხმობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

 

კომენტარები