ვითარება უკრაინაში

ფილიპ ბრიდლავი: რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებს სამხედრო შეიარაღებით ეხმარება

scmp.com

რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებს შეიარაღებით ეხმარება, მათ შორის ანტისაჰაერო იარაღით - ამის შესახებ ევროპაში NATO-ს ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

ბრიდლავის თქმით, პრორუსი სეპარატისტები უკრაინული არმიის ვერტმფრენებს, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთის მხრიდან მიწოდებული იარაღით ანადგურებენ.

ოთხვარსკვლავიანი გენერლის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთმა შეიარაღებული ძალების მობილიზება მოახდინა. ბრიდლავის თქმით, რუსეთი დადებითი რიტორიკის პარალელურად, სეპარატისტების იარაღით მომარაგებას აგრძელებს.

”რუსეთის ნაბიჯები მის განზრახვებზე მეტყველებს”, - განაცხადა ბრიდლავმა.

14 ივნისს სეპარატისტებმა უკრაინული სამხედრო საჰაერო ტრანსპორტიორი, Il-76, ჩამოაგდეს, რასაც 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები