საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ივლისში გეგმავს

საქართველოს პარლამენტი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას ივლისში გეგმავს. ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა იმ სამუშაოებზეც ისაუბრა, რომლის დაწყებაც საქართველოს პარლამენტს დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ მოუწევს.

"ჩვენ ამ მოვლენაზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ პარლამენტის კედლებში, ვინაიდან, დღეიდან, ხელმოწერის შემდეგ ეს დოკუმენტი გადმოეცემა პარლამენტს. ყველამ ვიცით, რომ მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე, იმისათვის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური შრომა მოუწევს ყველა კომიტეტს და არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის კომიტეტს და ამისთვის ჩვენ დიდი ხანია, ვემზადებით. ჩვენ ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გავაანალიზებთ ყველა იმ პროცესს და პროცედურას, რაც უნდა მოყვეს ამ დოკუმენტის ხელმოწერას და საქართველოს მიერთებას ევროკავშირთან, ჯერჯერობით ასოცირების რეჟიმში", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები