NATO-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: ქვეყანა ვერ იქნება მზად NATO-ს წევრობისთვის, თუ მთავრობა არ არის მზად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ვერცერთი ქვეყანა, მათ შორის, ვერც საქართველო ვერ იქნება მზად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად საკუთარი ეროვნული ამოცანისკენ, ამ შემთხვევაში NATO-ს წევრობისკენ, თუ მისი მთავრობა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის ამისთვის მზად". ბოკერია ჯეიმს აპატურაის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ ამ წუთში საქართველო NATO-ს წევრობისთვის არის მზად".

გიგა ბოკერიას აზრით, "ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს პრემიერი, მისი უფროსი ბიძინა ივანიშვილი არათუ მზად არ არიან, არამედ, არ სჯერათ ამ ამოცანის, არ აქვთ რწმენა და ამ პირობებში არ უწარმებიათ არანაირი კაპანია, რომ მოემზადებინათ საქართველო ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მოემზადებინათ პარტნიორები ამ ნაბიჯის მხარდასაჭერად".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თქმით, ენმ-ის პოზიცია არის ის, რომ "საქართველო დღესაც (თუ შევადარებთ ზოგიერთ უკვე წევრ ქვეყანას ამავე სივრიციდან) მზად არის წევრობისთვის, ხელისუფლების ამოცანა უნდა ყოფილიყო, რომ გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაწევრიანებისკენ ანუ მაპის მიღება".

როგორც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, "არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ ამ წუთში საქართველო NATO-ს წევრობისთვის არის მზად". 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, "ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო დღეს NATO-ს სრული წევრობისთვის მზად არ არის". ალასანია აღნიშნავს, რომ საქართველო და NATO დღეს საუბრობენ შემდეგ ნაბიჯზე - გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე. მისი განმარტებით, "ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობით NATO-ს წევრი".

კომენტარები