NATO-საქართველოს ურთიერთობა

სტოლტენბერგი: იქნება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია

გიორგი მარგველაშვილი; იენს სტოლტენბერგი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ იქნება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი, თავად ქვეყანა განსაზღვრავს და არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია, დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ამის შესახებ მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩემი მესიჯი ისაა, რომ საქართველო NATO-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენთვის მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე რეფორმებს საქართველოში და მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ყოველი სახელმწიფოს უფლების ფუნდამენტურ მთავარ ღირებულებას თავად გადაწყვიტოს, რა გზას მიყვეს, მათ შორის, რა სახის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამხედრო ხაზის წევრი იქნება ის და იქნება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და NATO-ს 28 წევრის გადაწყვეტილებაა. არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამის შესახებ, ""გაწევრიანების სამოქმედო გეგმითა“ და "არსებითი პაკეტით“. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს NATO-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებზეც ისაუბრა.

"მჯერა, რომ პარტნიორობის ნაწილი საქართველოსთან ჩვენ განვავითარეთ და ვავითარებთ. ეს, რა თქმა უნდა, წვრთნებსაც ეხება, როგორც NATO-ს, ისე ორმხრივ წვრთნებს NATO-ს მოკავშირეებსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ზრდის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას, ერთად მუშაობის შესაძლებლობას და ჩვენ ეს ფუნქციონალური თავსებადობა განვავითარეთ ერთობლივი ძალისხმევებით, მაგალითად ავღანეთში. ახლა ჩვენ ვამცირებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ავღანეთში. ასე რომ, წვრთნები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. წვრთნები არსებითი პაკეტის ნაწილია, ასევე ტრენინგ ცენტრის დაფუძნება, რომელიც კიდევ ერთი ელემენტია, და ახლა ჩვენ განვათავსებთ ექსპერტების ძირითად გუნდს, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობაში, - თქვა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

კომენტარები