NATO-საქართველოს ურთიერთობა

NATO-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრი სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიხსნება

თავდაცვის სამინისტრო

NATO-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრი საქართველოში სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიხსნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა NATO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

მინისტრის მოადგილემ არ უპასუხა შეკითხვას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამაზე საკუთარ პოზიციას სამინისტრო მოგვიანებით გაახმაურებს. ღირსიაშვილის თქმით, ცენტრი არ შეიძლება ვინმესთვის, მათ შორის რუსეთისთვის საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა.

NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს ხელმძღვანელობით საქართველოში NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შესაფასებლად არის ჩამოსული. ვიზიტის დროს NATO-ს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ.

„NATO-ს კვლევითი ჯგუფი ეწვია საქართველოს იმისთვის, რომ იმუშაოს საქართველოს შეიარაღებული ძალების კოლეგებთან ერთად ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ცენტრის დაარსების კუთხით. ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყანა ნორვეგიაა. ცენტრი არის ერთ-ერთი არსებითი ნაწილი NATO-საქართველოს პაკეტის, რომელსაც მხარი NATO-ს სამიტზე, უელსში დაუჭირეს. NATO-ს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ წვრთნების კომპლექსის შექმნაში.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანი საქართველოსთვის მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ქართულ სამხედრო ბაზაზე იქნება განლაგებული. ამ ბაზაზე იქნება NATO-ს რამდენიმე ოფიცერი, მაგრამ ისინი იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად, ამიტომ ეს ცენტრი არ წარმოადგენს ვინმესთვის რაიმე სახის სამხედრო საფრთხეს ან სამხედრო შესაძლებლობების ზრდას“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

ცენტრის შექმნის მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა იქნება.

NATO-ს შემფასებელთა ჯგუფის წევრები ვიზიტის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზასა და კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს მოინახულებენ. ჯგუფი ვიზიტის ბოლოს წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობა და პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი.

კომენტარები