სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ნანუაშვილი: უნდა შემოწმდეს, სიმართლეს ამბობდა თუ არა ლალი მოროშკინა

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უნდა შემოწმდეს, სიმართლეს ამბობდა თუ არა სად-ის ხელმძღანელის უკვე ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა. ცნობისთვის, მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დიმიტრი დარბაისელს დაუპირისპირდა და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან ნამდვილად გაიყვანეს და ეს სწორედ დარბაისელმა გააკეთა.

"უნდა შემოწმდეს, იყო თუ არა სიმართლე ინფორმაცია, რაზეც ის საუბრობდა. აუცილებელია, კანონის ყველა ნორმა იყოს დაცული. უნდა ვნახოთ საფუძველი, რის მიხედვითაც გაათავისუფლა სად-ის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან ლალი მოროშკინა", - განაცხადა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ "სიტუაცია ეჭვებს, რა თქმა უნდა, ტოვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს მოვუსმინოთ და გვქონდეს მეტი ინფორმაცია".

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა თავისი მრჩეველი ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. დეპარტამენტის უფროსი სოციალური მუშაკის ავთანდილ ჟღენტის თქმით, ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. როგორც სად-ის უფროსი სოციალური მუშაკი ამბობს, ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან მისი შეხვედრა უძღოდა. ჟღენტის ინფორმაციით, მოროშკინამ ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ლალი მოროშკინა სამსახურიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები