სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

კალაძე: სუბარი უპატიოსნესი პიროვნება და კეთილსინდისიერი ადამიანია

„სოზარ სუბარი უპატიოსნესი პიროვნება და კეთილსინდისიერი ადამიანია“, - თქვა მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. როგორც კალაძე აღნიშნავს, სუბარს წილად ხვდა რთული მემკვიდრეობა. „გვახსოვს, სულ რაღაც ორი წლის წინათ ციხეებში რა ხდებოდა და ადამიანებს იქ როგორ უსწორდებოდნენ“, - აღნიშნავს კალაძე.  

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიების გაცემის საკითხს, ვიცეპრემიერის თქმით, ამ რაოდენობით პრემიების გაცემა მიუღებელია. 

ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული მაღალი ხელფასების შესახებ ინფორმაცია 10 მაისს გაავრცელა. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, "ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს, ხოლო 17 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრს ეჭვი აქვს, რომ მაღალი ხელფასებით სად-ის თანამშრომლების დუმილი იყიდეს. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციები 2013 წლის 20 დეკემბერს მიღებულ მაღალ ხელფასებს არ მოიცავს. 

კომენტარები