NDI-ის კვლევა

ალასანიას აზრით, მისდამი კეთილგანწყობა ჯარის დამსახურებაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას აზრით, მისდამი კეთილგანწყობა ჯარის დამსახურებაა. ალასანიას თქმით, საზოგადოების ნდობა თავდაცვის უწყებას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

“ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობას და მის ინდივიდუალურ წევრებს გვაქვს რეიტინგი, გვაქვს ხალხის ნდობა. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით, მე ვთვლი, რომ ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ჯარის დამსახურება და იმ ნდობის, რომელიც ქართულ საზოგადოებას ჯარის, თავდაცვის სამინისტროს მიმართ აქვს. ძალიან მიხარია, რომ თავდაცვის უწყება არის ყველაზე სანდო ინსტიტუტი ქართული საზოგადოებისთვის, ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა უმრავლესობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონს (67%). ასევე, გამოკითხულთა უმეტესობა მინისტრების საქმიანობიდან ყველაზე კარგად თავდაცვის მინისტრის საქმიანობას აფასებს (42%). გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე კარგად ქართული ჯარი მუშაობს (61%).

კომენტარები