საპროტესტო აქცია

მძღოლების აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა

თბილისში, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ - შმაგი მიქელაძემ, თავის დაწვა სცადა, თუმცა ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ ამავე ადგილას გამართულ აქციაზეც მოხდა.

დღეს აქციაზე სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მძღოლი, თამაზ მანსიაშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედება.

აქციის მონაწილეებთან ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. როგორც გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი აქციის მონაწილეთა ინტერესების დაცვას შეეცდება, თუმცა, „უპირობო მოთხოვნების" წაყენება მათი მხრიდან მიუღებელია.

თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აქციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენ. ისინი მგზავრთა გადაყვანაზე გამართული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ მუშაობის საშუალება აღარ ეძლევათ. ტენდერში კომპანია ინტერტრანსმა გაიმარჯვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის უკან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დგას რასაც ტავად კალაძე კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები