მზია ამაღლობელის საქმე

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

მზია ამაღლობელი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას განცხადებით, საჩივარი ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგში გასაჩივრდა პოლიტიკური პატიმრის სახელით და "რომელიც კონკრეტულად ეხება სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე დარღვევებს ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ."

"საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საჩივარში ასევე აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი და უფლებრივი კონტექსტი. 

ეს არის რიგით მეოთხე საჩივარი, რომელიც საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა ეს საჩივარი ერთმანეთთან არის ძირეულ კავშირში და ისინი რეალურად წარმოადგენენ იმ რეპრესიული მექანიზმების ილუსტრაციას, რაც მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა. 

სტრასბურგში გაგზავნილ მეოთხე საჩივარში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები:

პირველი - პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, ეს არის კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც დგება ყველაზე მძიმე კონტექსტებთან დაკავშირებით, როდესაც მართლმსაჯულებას არაფერი აქვს საერთო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლების ფარულ განზრახვასთან, შესაბამისად, არის პოლიტიკურად მოტივირებული, კერძოდ, საჩივარში დასაბუთებულია რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო.

ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებიც მზია ამაღლობელს უცხოეთის აგენტად მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი, ამ საქმეში ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილია მთელი რიგი ის ინდიკატორები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ასაბუთებს, რატომ არ ჰქონდა ქალბატონ მზიას სამართლიანი სასამართლო არც პირველ, არც მეორე და არც მესამე ინსტანციაში.

მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა, საქმის განმხილელვა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას შენარჩუნდა, ამასთანავე საქმეში არ არსებობს დასაბუთებული განაჩენი.

ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ როდესაც უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და არის დაუსაბუთებელი. 

სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ამასთანავე საქმეში მოხდა დაცვის უფლების ხელყოფა. 

ბათუმის სასამართლომ სრულიად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე, კერძოდ, მოსამართლე ნინი სახელაშვილმა მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 313-ე პრიმა მუხლი, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ისე რომ ამისთვის არცერთ სხდომაზე ცნობილი არ ყოფილა მხარეებისთვის.

საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ.

ამასთანავე, ჩვენს საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელს დაერღვა უდანაშაულობის პრეზუმცია, მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში ორგანიზებულად გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს დანაშაულის ჩამდენი, აგენტი, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმციას და აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის  დამნაშავეობასთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანამდე.

ამასთანავე, მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე, საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში ე.წ აკვარიუმში მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. იმავე წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 2025 წლის 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 2025 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები