ისრაელის Channel 12-ის ინფორმაციით, საქართველოსთან და ვიეტნამთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების (ISF) ინიციატივის ფარგლებში ღაზის სექტორში ომისშემდგომ პერიოდში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით.
Channel 12 წერს, რომ იგეგმება კირიათ-გათში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) გარდაქმნა, რათა ის უფრო ოპერატიული გახდეს და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან მისი კოორდინაცია გაძლიერდეს.
ცნობისთვის, CMCC ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპი გეგმის ფარგლებში 2025 წლის ოქტომბერში შეიქმნა. მას დაევალა ჰამას-ისრაელის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგი, ღაზის სექტორში დახმარების შეტანის ხელშეწყობა და ომის შემდგომ პერიოდში პალესტინისთვის პოლიტიკის შემუშავება.
საკითხზე ინფორმირებული სამი დიპლომატის თქმით, ცენტრის ახალი სახელი ღაზის საერთაშორისო დახმარების ცენტრი იქნება, ხოლო სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები (ISF) ცენტრის ფუნქციონირებაში ბევრად უფრო დიდ როლს შეასრულებენ. ISF-ის ინიციატივის მიზანი ომის შემდგომ გარდამავალ პერიოდში ღაზის სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმია ტერიტორიებს დატოვებს და ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება განიარაღდება.
Channel 12-ის მიხედვით, ISF-ის ფარგლებში ღაზაში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან მიმდინარეობს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი ისინი ISF-ში მონაწილეობას საბერძნეთთან, მაროკოსთან, ინდონეზიასთან, კოსოვოსთან, ყაზახეთთან და ალბანეთთან ერთად მიიღებენ, რომლებიც სამხედროების გაგზავნაზე უკვე დათანხმდნენ.
ისრაელური მედია ასევე წერს, რომ შემცირდება ღაზის მომავლის შესახებ გამართულ დისკუსიებში მონაწილე ქვეყნებისა და წარმომადგენლების რაოდენობაც, რათა გადაწყვეტილებების მიღება უფრო დაჩქარდეს. Channel 12-ის ინფორმაციით, ცვლილებებზე შეთანხმება მიმდინარე კვირაში მოხდა და მათი დანერგვა ახლო მომავალში იგეგმება.
გამოცემის მიხედვით, მშვიდობის საბჭომ მედიის მიერ მოპოვებული ცნობები არ უარყო და მათ განუცხადა, რომ ღაზის მმართველობასთან, უსაფრთხოებასთან და რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გეგმების წინ წაწევა გრძელდება.
მშვიდობის საბჭოს განცხადებით, ISF და CMCC მისიის გაფართოებასთან ერთად "უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის განსხვავებული მოდელებისთვის" ემზადებიან. საბჭომ ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება, ხოლო სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით დამატებით ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
Channel 12 ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოპოვებულ ცნობებთან დაკავშირებით საქართველო და ვიეტნამი კომენტარს არ აკეთებენ.





