გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ძალიან მალე ეს დღე სრულყოფილ საქართველოში აღგვენიშნოს. ისეთში, როგორიც რუსთაველმა აღწერა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში,
"ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს".
ჩვენ ყველას გვაერთიანებს სიცოცხლის სიყვარული. უპირველესად სწორედ სიცოცხლის სიყვარულმა შეგვაქმნევინა სახელმწიფო. ჩვენ ვერ ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ თავისუფლად, ვერ შევქმნით დოვლათს და ვერ გვექნება, ვერ დავგეგმავთ მომავალს, თუ არ ვიცით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე უსაფრთხოდაა და სახელმწიფო მას იცავს - იცავს გარე მტრებისგან, შიდა საფრთხეებისგან და რაც მთავარია, იცავს საკუთარი თავისგან, რადგან სახელმწიფოს შეუძლია თავად იქცეს საფრთხედ მოქალაქისთვის და სწორედ ასეთ რეჟიმს ვხედავთ ახლა ჩვენ - რომელმაც სახელმწიფო ჩვენთვის საფრთხედ აქცია, რომელმაც ჩვენს მეგობრებს ზურგი აქცია და ტერორისტულ რეჟიმებს აჯეჯილებს ჩვენს ტერიტორიებზე.
მაგრამ საფრთხის გარდა, ჩვენ შესაძლებლობების წინაშე ვდგავართ - რუსეთი სუსტდება. მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება. რუსეთი გამოაგდეს ლათინური ამერიკიდან, ის სუსტდება ახლო აღმოსავლეთში, ის სუსტდება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის მარცხით მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმოს. ამ შესაძლებლობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიყენებს. ამ შესაძლებლობის გამოყენებას რეჟიმის ცვლილება სჭირდება და ჩვენ შევცვლით რეჟიმს, რადგან ქართველი ხალხი საუკეთესოს იმსახურებს და საუკეთესოს მიიღებს.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და თავისუფალ ქართველ ხალხს!




