აგრარული უნივერსიტეტი

შაშკინი: მკითხეს, ბენდუქიძეს ასეთი ინვესტიციისთვის რა მიზეზი ჰქონდა

დიმიტრი შაშკინი
tabula.ge

განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროკურატურა დატოვა. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს შეკითხვები აგრარულ უნივერსიტეტს და კახა ბენდუქიძეს ეხებოდა.

"არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ვეცადე გამომძიებლებისთვის ამეხსნა, რომ ეს იყო არა პრივატიზების, არამედ, მნიშვნელოვანი, საინვესტიციო პროექტი განათლების სისტემაში. შედეგად, თანამედროვე უნივერსიტეტი მივიღეთ, სადაც სწავლობს 4 000 სტუდენტი და არის ბედნიერი იმით, რომ იღებს ძალიან მაღალი დონის განათლებას. აინტერესებდათ, კახა ბენდუქიძეს ასეთი ინვესტიციის განხორციელებისთვის რა მიზეზი ჰქონდა. ასეთ საკითხებზე პასუხის გაცემა რთულია, იმიტომ, რომ ბენდუქიძე ცნობილია საქართველოში ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტის - თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსებით. რუსეთის ერთ-ერთმა მეფემ ივანე მრისხანემ გაასამართლა კატა იმის გამო, რომ ხანძარი იყო - თუ ასეთი იურისპრუდენციით მივდივართ, welcome", - თქვა შაშკინმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე დაკითხვაზე იმყოფება უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე. ამასთან, გუშინ 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

"მაშინ, როდესაც შპს აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ცოდნის ფონდის და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის დაკითხვაზე დაბარება წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური დევნაა, რომლის დამკვეთიც ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილია. აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არანაირი კომერციული ინტერესი და აგრარული უნივერსიტეტი საქველმოქმედო ფონდის მფლობელობაშია.

"ეს გულისხმობს იმას, რომ ბენდუქიძეს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ფონდში მხოლოდ ფულის ჩადება, მაგრამ იქიდან ფულის ამოღების საშუალება უბრალოდ არ არსებობს. ეს არ არის კომერციული სტრუქტურა. ბენდუქიძე იქ ხარჯავს მილიონებს, მაგრამ იქიდან ლარს ვერ ამოღებს, უბრალოდ, შეუძლებელია ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას ჰქონდა რამე პირადი ინტერესი, მაგალითად, ბენდუქიძეს, არის უბრალოდ ცილისწამება და მეტი არაფერი“, - თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები