აგრარული უნივერსიტეტი

სააკაშვილი: ბენდუქიძემ შექმნა საქართველოში საუკეთესო სასწავლო დაწესებულება

mikheil saakashvili official/facebook.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ამაყობს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებით. სააკაშვილს რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანის წამყვანმა იმ საქმეებზე ჰკითხა, რომელთან დაკავშირებითაც, ყოფილ პრეზიდენტს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებენ. ერთ-ერთი სწორედ "აგრარული უნივერსიტეტის ქონების გაფლანგვას" ეხება. 

"მე ვამაყობ აგრარული უნივერსიტეტით, ისევე როგორც თავისუფალი უნივერსიტეტით. კახა ბენდუქიძემ მართლა შექმნა საქართველოში საუკეთესო სასწავლო დაწესებულება. და სამწუხაროდ, ივანიშვილმა და მარგველაშვილმა სხვათა შორის, მოხურეს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც იქნებოდა ნამდვილი გარღვევა იმიტომ, რომ პირველად მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, გაიხსნებოდა ნამდვილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ახლა ძნელია ჩვენს პოლიტიკოსებს აუხსნა, რას ნიშნავს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოსთვის. ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია. მაგრამ მე ხომ იცი და ვისაც შეხება ჰქონია, იმან ხომ იცის, რა მოკლეს, რამხელა საშვილიშვილო საქმე... ძალიან დიდ ხანს ვამზადებდით და ამერიკელები ძლივს დავითანხმეთ, არ უნდოდათ, რადგან კარგი სპეციალისტები თავისთან მიჰყავდათ, ჩვენ კი, აქ ვაკეთებდით, რომ ჩვენი პროდუქცია შეექმნათ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი ზიანი არა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ან ბიუჯეტის გარღვევა, არამედ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის შეჩერებაა. 

"მაგრამ რაც მოასწრო კახამ, ბევრად ნაკლები და მოკრძალებული რესურსით შექმნა ორი მაგარი უნივერსიტეტი. ახლა ცდილობენ ამ უნივერსიტეტის დახურვას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სტატუსით დასაკითხად ათ საქმეზე დაიბარა. ერთ-ერთია, "2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტის" (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტი".

ამასთან, გასულ კვირაში, აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე დაკითხეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

"მაშინ, როდესაც შპს აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები