2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

აშშ-მ შვედეთი გაანადგურა და ფინალში გავიდა

sochi2014.ru

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალ ჰოკეისტთა ნაკრებმა, შვედეთის გუნდი გაანადგურა და ფინალში გავიდა.

პირველ პერიოდში ალექს კარპენტერმა და კეისი ბელამიმ 66 წამის დაშორებით გაიტანეს შაიბები, რაც შვედების უიმედო სიტუაციას კარგად ასახავს.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ამერიკელები შეხვედრის დასაწყისშივე დომინირებდნენ. პირველ პერიოდში დარტყმებში უპირატესობა ამერიკელთა სასარგებლოდ - 26-1 იყო, შვედებმა კი მეტოქის კარში შაიბის გატანა, მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 14 წუთით ადრე შეძლეს.

კარპენტერისა და ბელამის გარდა, აშშ-ს ნაკრების გამარჯვებაში წვლილი ამანდა კესელმა, მეგან ბოზეკმა, ბრიანა დეკერმა და მონიკ ლამურომ შეიტანეს. ამრიგად, აშშ-მ შვედეთი 13-დან უკვე 12 შემთხვევაში დაამარცხა.

მეორე ფინალისტის ვინაობა კანადისა და შვეიცარიის ქალ ჰოკეისტთა ნაკრებების შეხვედრაში გაირკვევა.

კომენტარები