ასოცირების ხელშეკრულება

დოლიძე: მერაბიშვილი და ევროკავშირი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არიან

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო უკრაინის გადაწყვეტილებას სერიოზულად განიცდის. მისი აზრით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მზადების პროცესის შეჩერებაზე უკრაინის უარი საქართველოზე არ აისახება.

"ამას ძალიან განვიცდით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენიმე დღე არის დარჩენილი ვილნიუსის სამიტამდე და მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ. 

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს და დაიწყება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გახსნა, რის შედეგადაც ევროკავშირის ბაზარზე ათასობით პროდუქტის შეტანა იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება იმას, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით ხომ არ მოახდენს რაიმე ნეგატიურ გავლენას ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, დეპუტატის თქმით, "ვანო მერაბიშვილი და ევროკავშირი არავითარ კავშირში არ არიან".

"ვანო მერაბიშვილის მიერ განვლილი გზისა და საქმიანობის გათვალისწინებით, ვანო მერაბიშვილსა და ევროკავშირს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, არც შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მზადების პროცესი შეაჩერა. იქამდე, ევროკავშირმა უკრაინას ტიმოშენკოს გათავისუფლება მოსთხოვა. თუ ვილნიუსის სამიტამდე ეს საკითხი ვერ მოგვარდებოდა, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა, უკრაინის რადამ კი, კანონპროექტი, რომელიც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს ქვეყნიდან გამგზავრების და მკურნალობას საშუალებას მისცემდა, სამჯერ ჩააგდო.

კომენტარები