ასოცირების ხელშეკრულება

EU-მ მოუწოდა პოლიტიკოსებს, ხელი შეუწყონ თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას

16 ნოემბერს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. საბჭო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტროლისთვისაა შექმნილი.

როგორც ერთობლივ პრესრელიზში წერია, საბჭომ პოზიტიურად შეაფასა მნიშვნელოვანი პროგრესი საბჭოს წინა სხდომის შემდგომ, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. ორივე მხარემ კვლავ დაადასტურა ძალისხმევა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და საერთო მიზანზე, ხელი შეუწყონ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებით საჭიროა დემოკრატიული იმპულსის შენარჩუნება.

"ევროკავშირმა მოუწოდა პოლიტიკურ აქტორებს, ხელი შეუწყონ თავისუფალ და პლურალისტული მედიაგარემოს არსებობას, ასევე პოლიტიკურ პლურალიზმს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა და განცხადებისგან, რასაც შეუძლია, გაზარდოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლარიზაციას.

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ გამოძიებები, სამართლებრივი დევნა იყოს დამოუკიდებელი, მტკიცებულებებზე დამყარებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პროცესი შეესაბამებოდეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს", - წერია პრესრელიზში.

ამასთან, ასოცირების საბჭო მიესალმება ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

"ასოცირების საბჭო მიესალმება ევროკავშირის მნიშვნელოვან დახმარებას, რაც გულისხმობს წლიურად საშუალოდ 100 მილიონი ევროს გამოყოფას პოლიტიკური, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმებისთვის. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების ხელშეწყობის მნიშვნელობას", - წერია პრესრელიზში.

ევროკავშირმა კვლავ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საბჭომ ასევე დაგმო 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტები.

ასოცირების საბჭოს თავმჯდომარე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ევროკავშირის დელეგაციას კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები