2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

დავით ბაქრაძე: არჩევანი გააკეთეთ გონების, გულის და რწმენის კარნახით

ხათუნა ხუციშვილი

თქვენ ხართ ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა და სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. მე მჯერა თქვენი ამიტომ მჯერა, რომ ხვალ ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ არჩევანს, რომელიც იქნება საქართველოს უკეთესი მომავავლის გარანტი - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, პარტიის ოფისში გააკეთა.

"რაც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები. იმ ფონზე, როდესაც ერთ თვეში ქვეყანას ეყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი, ჩვენ არ ვიცით მისი სახელი და გვარი, არ ვიცით რამდენად შეძლებს ის ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას და წინ წაყვანას, რამდენად შეძლებს ხალხისთვის მიცემულ 76 დაპირების შესრულებას, რომელიც დღემდე ქაღალდზეა დარჩენილი. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი შემდგომი უმუშევრობით და სიღარიბით, ემუქრება ათეულობით ათას ოჯახს. არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსული ოკუპაცია და მავთულხლართების გატარება ჩვენი ქვეყნის გულში. სწორედ ამიტომ, ასეთ პირობებში და ასეთი გამოწვევების წინაშე, უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ გამოწვევებთან გამკლავებას. რომელსაც ექნება საკმარისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და წონა იმისთვის, რომ დააბალანსოს მთავრობა, იმუშავოს თითოეულ პარტიასთან და უზრუნველყოს ამ ქვეყანაში სტაბილურობა. რომელსაც ექნება საკმარისი ეკონომიკური ცოდნა იმისთვის, რომ შეასრულებინოს მთავრობას დაპირებები და თითოეულმა ოჯახმა იცხოვროს უკეთესად. რომელსაც ექნება საკმარისი გამოცდილება საგარეო პოლიტიკაში. იმისთვის, რომ დაასრულოს ოკუპაცია და დაიცვას ჩვენი ქვეყანა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი გონების, გულის და რწმენის კარნახით უნდა გააკეთონ.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევანი და ის არ უნდა გაკეთდეს შიშით, ხათრით, ვიღაცის მორიდებით ან ვიღაცის პატივისცემის სურვილით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წარმავალია, ხოლო რაც მარადიულია, გახლავთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ოჯახები, რომელსაც 5 წლით ვაბარებთ ამ ადამიანს. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ მობრძანდით არჩევნებზე და არჩევანი გააკეთეთ თქვენი გონების, გულის და რწმენის კარნახით," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები