2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

თარგამაძე: საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური უნდა იყოს

თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური არ დაინიშნა, არჩევნების შედეგები გაყალბებული იქნება - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

"თუ მასობრივ გაყალბებას არ ექნება ადგილი, თუ ამომრჩეველზე ზეწოლა არ განხორციელდება, მეორე ტური აუცილებლად იქნება. ამას ყველა ის განწყობა ადასტურებს, რომელიც წინასაარჩევნოდ არის საზოგადოებაში", - განაცხადა თარგამაძემ. 

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარიგება და მივმართავ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს, ნინო ბურჯანაძე იქნება ეს თუ შალვა ნათელაშვილი, რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ საარჩევნო უბნებზე, რომ არ გაყალბდეს არჩევნები. ჩვენ ვიცით, რომ სოფლის რწმუნებულები კარდაკარ დადიან, რათა მათ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ეს სასურველი შედეგი კი ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა წინასაარჩევნოდ, რომ მათმა კანდიდატმა 60%-იანი მხარდაჭერა უნდა მიიღოს. არ ვიცი მისი უშუალო ბრძანებით იყო თუ არა, თუმცა ამ განცხადების მერე სოფლის რწმუნებულები, გამგებლები და სხვადასხვა ძალოვანი უწყებები მოქმედებაზე გადავიდნენ", - დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.  

კომენტარები