წინასაარჩევნო გარემო

ენმ: ჩვენი აქტივისტი საარჩევნო პლაკატის გაკვრის გამო, ფიზიკურად შეურაცხყვეს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პარტიის აქტივისტს ცირა ჯავახიშვილს მცხეთაში დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატის გაკვრის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განმარტებით, მათ მხარდამჭერს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა ქართული ოცნების აქტივისტმა მიაყენა. ნადირაშვილის თქმით, მომხდარზე საქმე უკვე აღიძრა. 

"ქალბატონი ცირა წაბრძანდა ქართული ოცნების შტაბში და შტაბის უფროსს სთხოვა ფაქტზე რეაგირება, თუმცა, სამწუხაროდ, შტაბმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა. შემდეგ ის იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა მინდა გადავუხადო - პირველ ეტაპზე რა ღონისძიებებიც იყო გასატარებელი, ოპერატიულად გატარდა. მოვითხოვთ, დაისაჯოს ეს ადამიანი კანონის ნორმების გათვალისწინებით", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში განცხადება თავად დაზარალებულმაც გააკეთა. ცირა ჯავახიშვილის თქმით, მას შეურაცხყოფა ინფო 9-ის ყოფილმა მძღოლმა, ქართული ოცნების აქტივისტმა იური წოწორიამ მიაყენა.

"როცა პლაკატის გაკვრას ვცდილობდი, მამაკაცი დამესხა თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა იმის გამო, თუ რატომ ვაკრავდი ბაქრაძის პლაკატს, მითხრა, რომ ჩვენ თურმე უნდა გავქრეთ ქვეყნიდან, რადგან აქ ჩვენი ადგილი არაა", - განაცხადა დაზარალებულმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით,  საპრეზიდენტო კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალების შეუფერხებლად გავრცელების საშუალება უნდა ჰქონდეთ.  

კომენტარები